"სააკაშვილის რეჟიმს ისტორიის გაყალბება არ გამოუვა და ის ისეთივე პოლიტიკურ სანაგვეზე აღმოჩნდება, როგორზეც საბჭოთა იმპერია", - ამის შესახებ "ქართული პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა ეროსი კიწმარიშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებაზე კომენტირებისას განაცხადა.
"გუშინ, ყოფილი საბჭოთა დიპლომატი და სააკაშვილის რეჟიმის დღევანდელი საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებდა, რომ მთელი მსოფლიო ფაშიზმზე გამარჯვების დღეს 8 მაისს აღნიშნავს და უკუღმართები ყოფილან ყველანი, ვინ ამ დღეს 9 მაისს ზეიმობს. მოვუწოდებ მასაც და სააკაშვილის რეჟიმის სხვა მაღალჩინოსანთ, კარგად გაერკვნენ რა არის ქართველი ხალხის მეხსიერებაში შემორჩენილი. ისტორიის გაყალბება არ გამოუვათ და აღმოჩნდებიან პოლიტიკურ სანაგვეზე, ისე როგორც აღმოჩნდა საბჭოთა იმპერია, რომელსაც ცოტა ხნის წინ, ვაშაძე წარმოადგენდა", - აღნიშნა კიწმარიშვილმა.
მისივე თქმით, ფაშიზმზე გამარჯვების დღეს ქართველი ხალხი სწორედ 9 მაისს აღნიშნავს და შესაბამისად, მისი პარტიაც ქართველი ხალხის გვერდით დგას.