"სახალხო კრების" ლიდერ ნონა გაფრინდაშვილისთვის გაუგებარია, რატომ გადაწყვიტა "ქართულმა პარტიამ" 9 მაისს საპროტესტო აქციების დაწყება.
"ერთი კვირის წინ "ქართულ პარტიაში" აცხადებდნენ, რომ აქციებისთვის მზად არ იყვნენ. ახლა კი მოულოდნელად გამოვიდნენ და აქციების დაწყების თარიღი დაასახელეს. ჩემთვის ეს გადაწყვეტილება მოულოდნელია და გარკვეულ ეჭვსაც ბადებს. თუმცა ახლა ამის დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ",- აცხადებს ნონა გაფრინდაშვილი "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში.
მისი თქმით, 21 მაისისთვის დაგეგმილ აქციაზე ხალხი მაინც გამოვა და ამით "სახალხო კრება" არანაირ დანაკლისს არ მიიღებს.
"არა მგონია, "სახალხო კრებისა" და "ქართული პარტიის" აქციებზე ერთი და იგივე ხალხი დადიოდეს",- აღნიშნა ნონა გაფრინდაშვილმა.
შეკითხვაზე, აპირებს თუ არა "ქართულ პარტიასთან" თუნდაც დროებით გაერთიანებას, რათა საპროტესტოდ განწყობილი ხალხი ერთობლივი ძალით მიიზიდონ, ნონა გაფრინდაშვილი მხოლოდ ერთი წინადადებით შემოიფარგლება: "ჩვენ ჩვენი გეგმები გვაქვს".