საპარლამენტო უმრავლესობის შეფასებით, ჯონდი ბაღათურიასთვის გვირაბის ბოლოს ნათელი კიდევ არ გამოჩენილა.
ამის შესახებ დღეს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "ქობულეთისა და ანაკლიის თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ" კანონში ცვლილებების განხილვის დროს, ოპოზიციონერი დეპუტატის ჯონდი ბაღათურიას მისამართით საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ მელიქიშვილმა განაცხადა.
"ვერ დავეთანხმები ჩემს კოლეგებს, რომლებიც იძახიან, რომ ბაღათურია ამ კანონპროექტის არს ჩასწვდა. როგორც ჩანს ბატონი ჯონდისთვის, ამ კუთხით გვირაბის ბოლოს სინათლე არ გამოჩენილა. მინდა კიდევ განვმარტო, რომ ამ კანონის მთავარი ამოცანაა დასაქმების ხელშეწყობა მოხდეს და ამისთვის საჭიროა არა მხოლოდ თავისუფალი ტურისტული ზონების, ასევე ინდუსტრიული ზონების შექმნაც", - აღნიშნა მელიქიშვილმა.
ამასთან, უმრავლესობის წევრის თქმით, ის რასაც ბაღათურია ითხოვს, კერძოდ კი მთელი საქართველოს თავისუფლა ტურისტულ ზონად გამოცხადებას შეუძლებელია, რადგან ეს ნიშნავს, რომ საქართველოს ბიუჯეტში საგადასახადო შემოსვალები ფაქტიურად არ უნდა შევიდეს.
"გასაგებია, რომ გსურთ იყოთ ნებისმიერ საკითხზე აქტიური, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერს უაზრო წინააღმდეგობა გაუწიოთ", - მიმართა ბაღათურიას მელიქიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ "ქობულეთისა და ანაკლიის თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ" კანონს სახელი შეეცვლება და მას "თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ" დაერქმევა.
გარდა ამის, კანონპროექტის თანახმად თავისუფალ ტურისტულ ზონებში მიწის ნაკვეთების გადაცემაზე შეზღუდვები უქმდება.
კანონში ცვლილებებს პარლამენტი დღეს დაჩქარებული წესით მეორე-მესამე მოსმენით დაამტკიცებს.