მთავარი პროკურატურის ანტიკორუფციულმა დეპარტამენტმა დააკავა შპს „ნუგეშის" დირექტორი და დამფუძნებელი გიორგი სიბაშვილი. მას ბრალად ედება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია (ფულის გათეთრება) და საბაჟო დოკუმენტების გაყალბება. დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 და 214-ე მუხლის მე-2 ნაწილებით.
კერძოდ, 2000-2010 წლებში საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ მოსახლეობის სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ჰემოფილიით დაავადებულ ბავშვთა და მოზრდილთა უზრუნველსაყოფად გამოიყო და „საქართველოს ჰემოფილიისა და დონორობის ასოციაციას" გადაეცა 10 500 000 ლარი. თავის მხრივ, ასოციაციამ ხელშეკრულება გააფორმა შპს „ნუგეშთან" 6 900 000 ლარის მედიკამენტების მიწოდებაზე.
გამოძიებით დადგინდა, რომ „ნუგეშის" დირექტორი გიორგი სიბაშვილი მედიკამენტების ექსპორტს ახორციელებდა სამი უცხოური ფირმის - იტალიური „KEDRION SPA", ჩინური - "RARE ANTIBODY ANTIGEN SUPPLY, INC" და ამერიკული - TALECRIS HEALTH CARE LLC" საშუალებით. საქართველოში მედიკამენტების იმპორტირებისას შპს „ნუგეშის" დირექტორი აყალბებდა შემოტანილი პროდუქციის ინვოისებს და საბაჟო დეკლარაციებში შექონდა ხელოვნურად გაზრდილი ფასები, რითაც ზრდიდა მედიკამენტების ღირებულებას. სანაცვლოდ კი, აღნიშნული კომპანიები ე.წ ატკატის სახით რიცხავდნენ თანხებს სიბაშვილის ანგარიშებზე „საქართველოს ბანკსა" და ბანკ "რესპუბლიკაში".
სულ 2000-2010 წლებში სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი 6 900 000 თანხიდან შპს „ნუგეშის" დირექტორმა მიითვისა 1 700 000 ლარი.
დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, გიორგი სიბაშვილის 12 წლამდე პატიმრობა ელის.