საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის ჰანსიორგ ჰაბერის აზრით, საქართველოს ცენტრალურ მთავრობასა და დე-ფაქტო ხელისუფლებებს შორის ნდობა გაჩნდა.
როგორც ჰაბერი რადიო "თავისუფლებისთვის" მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, მხარეებს შორის ნდობა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში წარმოიშვა.
"ნდობა წარმოიშვა ამ მექანიზმის ფორმატში - მათ შორის, საქართველოს მთავრობასა და დე-ფაქტო ხელისუფლებებს შორის. ასე რომ, ყველა სირთულის მიუხედავად, ფიქრობ, რომ ეს მექანიზმი ეფექტური აღმოჩნდა. ერთი წლის წინ, ალბათ, ასეთ პასუხს ვერ გაგცემდით, მაგრამ ახლა შეიძლება ასე ითქვას", - განმარტა დიპლომატმა.
მისივე განმარტებით, კრიტიკული განწყობა და მოლოდინი, რომ ვერ მოხდებოდა კონფლიქტის შემდგომი ვითარების სტაბილიზაცია, უსაფუძვლო აღმოჩნდა, რადგან ამ მხრივ ბევრი რამ იქნა მიღწეული.
"ამაში მხოლოდ მისიას არ მიუძღვის წვლილი, არამედ კონფლიქტის მხარეებმაც გადაწყვიტეს ასე. ვფიქრობ, შედეგი ძალიან დადებითია... რასაკვირველია, ყოველთვის არის სირთულეები. რაც შეეხება ნორმალიზაციას, კერძოდ, იძულებით გადაადგილებულ პირთა სახლებში დაბრუნებას, წინსვლა არ არის. 30 ათასი ადამიანი, რომელმაც დატოვა სამხრეთ ოსეთი, კვლავ თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე რჩება და ალბათ, ახლო მომავალში ამ მხრივ სასიკეთოდ არაფერი შეიცვლება", - აღნიშნა მისიის ხელმძღვანელმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში ევროკავშირის მეთვალყურეთა მისიის ხელმძღვანელს ამ პოსტზე უფლებამოსილების ვადა ეწურება. ჰანსიორგ ჰაბერი მისიას მისი დაარსებიდან - 2008 წლის შემოდგომიდან თავმჯდომარეობდა. ის საქართველოს რამდენიმე დღეში დატოვებს.
უკვე ცნობილია მისი ახალი თანამდებობაც. ერთი თვის წინ მას ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ქეთრინ ეშტონმა ევროკავშირის სამოქალაქო ოპერაციების დაგეგმვისა და წარმართვის უწყება ჩააბარა.