დღეს, 29 აპრილს, 16:00 საათზე „ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს" ოფისში სტუდია "მონიტორის" მორიგი ჟურნალისტური გამოძიების პრეზენტაცია გაიმართება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ორგანიზატორებმა აცნობეს, ჟურნალისტური გამოძიება ეხება ლევან გოგიჩაიშვილის დაკავებას და გასამართლებას.
ლევან გოგიჩაიშვილი იყო მოძრაობების - "თანასწორობის ინსტიტუტი"; "7 ნოემბერი" და "დემოკრატიული ინსტიტუტი" - ერთ-ერთი დამფუძნებელი და აქტიური წევრი. 2009 წლის ივნისიდან გოგიჩაიშვილი პატიმრობაშია, თბილისის საქალაქო სასამართლომ ის მოქალაქე დავით ლეჟავას დაჭრის ბრალდებით გაასამართლა და 7- წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. გოგიჩაიშვილთან ერთად გაასამართლეს საპროტესტო მოძრაობაში მასთან ერთად ჩართული გიორგი ალხაზიშვლიც, რომელსაც 4-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.
ფილმის შემქმნელების ინფორმაციით, ჟურნალისტურ გამოძიებაში ნაჩვენებია გოგიჩაიშვილის და ალხაზიშვილის სისხლის სამართლის საქმის მასალების ანალიზი, ასევე ნაჩვენებია გამოძიების ნაკლოვანებები და განხილულია საეჭვო მტკიცებულებები, საქართველოს პრეზიდენტის და პარლამენტის ერთ-ერთი წევრის მიერ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის ფაქტები.