საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მტკიცე ურთიერთობას გარეშე ძალა ვერ დაარღვევს. ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი მინაშვილმა პოლიტოლოგის, რუსეთის ისლამისტური კომიტეტის ხელმძღვანელის, ჰეიდარ ჯემალის განცხადების კომენტირებისას განაცხადა.
"ამ ადამიანს ან თავის გამოჩენა სურს, ან რუსეთის პოლიტიკაა, რომ ჩვენს ურთიერთობაში დაძაბული ნოტები შემოიტანოს. ჩვენ ვართ სტრატეგიული პარტნიორები, ბევრი კავშირი გვაქვს როგორც პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკურ და კულტურულ დონეებზე და ამ მტკიცე კავშირს გარე ძალა ვერ დაარღვევს, რაც არ უნდა ეცადოს", - აღნიშნა მინაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ჯემალის მტკიცებით, აზერბაიჯანის სახელმწიფოსთვის მთავარი საფრთხე საქართველოს ტერიტორიიდან მომდინარეობს.
"არის მონაცემები, რომ საქართველოში აზერბაიჯანის სახელმწიფო გადატრიალებას ამზადებენ. საქართველოს ტერიტორიაზე მიმდინარეობს მომზადება იმისა, თუ როგორ უნდა მოხდეს აზერბაიჯანში სახელმწიფო გადატრიალება და ამაზე პასუხისმგებელი საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერიაა", - აცხადებს ჯემალი.