აზერბაიჯანის სახელმწიფოსთვის მთავარი საფრთხე საქართველოს ტერიტორიიდან მომდინარეობს, - ეს განცხადება "სალამნიუსისათვის" მიცემულ ინტერვიუში რუსმა პოლიტოლოგმა, რუსეთის ისლამისტური კომიტეტის ხელმძღვანელმა ჰეიდარ ჯემალმა გააკეთა.
"არის მონაცემები, რომ საქართველოში აზერბაიჯანის სახელმწიფო გადატრიალებას ამზადებენ. საქართველოს ტერიტორიაზე მიმდინარეობს მომზადება იმისა, თუ როგორ უნდა მოხდეს აზერბაიჯანში სახელმწიფო გადატრიალება და ამაზე პასუხისმგებელი საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერიაა", - აცხადებს ჰეიდარ ჯემალი.
მისივე თქმით, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, საქართველოს საელჩოში, მოქმედებს ცენტრი, რომელიც ამ საქმიანობას კურირებს და მის საქმიანობაზე პასუხისმგებელი ბაქოში არსებული საელჩოს თანამშრომელი ამერიკელი ქალია, რომელმაც ძალიან კარგად იცის ქართული ენა. იგი იმყოფება "შტაბში" და მის მოვალეობაში შედის აზერბაიჯანულ ოპოზიციასთან კონტაქტი.
ჰეიდარ ჯემალი ასევე აცხადებს, რომ ამ დროისათვის საქართველოში ახალგაზრდა აზერბაიჯანელების რიგებიდან ფორმირდება განაყოფი, რომლის სახელწოდებაც თარგმანში "წინააღმდეგობას" ნიშნავს. ისინი ელოდებიან ბრძანებას დაიწყონ ხისტი და გადამწყვეტი მოქმედებები აზერბაიჯანის ხელისუფლების დასამხობად.
"რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილი, გადამწყვეტი მოქმედებები ანუ ოპოზიციის გამოსვლა აზერბაიჯანის ხელისუფლების დასამხობად დაგეგმილია 28 მაისს. 29 მაისს კი ლონდონში უნდა გაიმართოს კონფერენცია, რომელიც აზერბაიჯანს ეძღვნება და რომელზეც სიტყვით უნდა გამოვიდეს აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი, რომელიც შეაფასებს აზერბაიჯანის ოპოზიციის მოქმედებას, მდგომარეობას აზერბაიჯანში და აზერბაიჯანის მთავრობაში არსებულ მდგომარეობას.
ჯერ კიდევ მიმდინარე წლის მარტში გიგა ბოკერია და კიდევ რამდენიმე ადამიანი აზერბაიჯანში იყვნენ ჩასულები და აზერბაიჯანის ხელისუფლებას მოთხოვნა წაუყენეს საქართველოსთან სამხედრო-პოლიტიკურ კავშირზე წასულიყვნენ. ამ კავშირის მიზანი, რუსეთისათვის წინააღმდეგობის გაწევა უნდა ყოფილიყო. თუმცა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ამაზე უარი განაცხადა და ასევე უარი თქვა ერთობრივ აზერბაიჯანულ-ამერიკული სამხედრო წვრთნის გამართვაზე სახელწოდებით "რეგიონალური პასუხი-2011" - მან უარი განაცხადა ამ თამაშში მონაწილეობის მიღებაზე", _ აცხადებს ჰეიდარ ჯემალი და აღნიშნავს, რომ ამის შედეგად, საქართველოს ხელისუფლება აქტიურად ამყარებს სამხედრო კავშირს სომხეთთან, რომელიც აზერბაიჯანის წინააღმდეგაა მიმართული.
"საქართველო ამ შემთხვევაში ამ პროექტის შემსრულებელია, რომელშიც ჩართული არიან საქართველოს სახელმწიფო პირები, კერძოდ, გიგა ბოკერია, რომელიც საქართველოს უშიშროების საბჭოს წარმოადგენს. ანუ ქართველები ამ შემთხვევაში სხვისი ნების შემსრულებელნი არიან. ავღნიშნავ ასევე, რომ აზერბაიჯანული ოპოზიცია ამ გეგმის საქმის კურსშია", _ აცხადებს ჰეიდარ ჯემალი.
ყოველივე ამის მთავარ ორგანიზატორად ჰეიდარ ჯემალი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს ასახელებს.
"ორგანიზებული, ერთგვარი "მართვადი ქაოსი" ამერიკული სტრატეგების ძირითადი მეთოდოლოგიაა. "მართვადი ქაოსი" - არის მცდელობა დესტაბილიზება მოახდინო საერთო წესრიგისა, შექმნა სირთულე იმ გეგმიურ პროცესებში, რომლებმაც აშშ-ს ის ხარჯები უნდა აარიდოს თავიდან, რომლებსაც იგი განახორციელებდა მაშინ, როდესაც ცდილობდა პირდაპირ ემართა სიტუაცია და თავის ინტერესებს ქვეშ მოექცია. ხოლო როდესაც ყოველი ეს უკვე მათთვის შეუძლებელი ხდება, ისინი სხვა ტაქტიკაზე გადადიან, კონკრეტულად იწყებენ ომს - ყველა-ყველას წინააღმდეგ ანუ სიტუაციის დესტაბილიზებას ახდენენ", _ აცხადებს ჰეიდარ ჯემალი და აღნიშნავს, რომ ასეთივე დესტაბილიზების გამოწვევას აშშ ცენტრალურ აზიაშიც აპირებს.
"ახალახანს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა გააფრთხილა ამერიკის მოქალაქეები და მათ უზბეკეთში გამგზავრებისაგან თავის შეკავება ურჩია, მიზეზად კი დაასახელეს, ის, რომ იქ შესაძლოა ტერაქტები და მღელვარებები განხორციელდეს", _ აცხადებს ჯემალი და დასძენს, რომ "მღელვარებები და ტერაქტები ჯერ არ დაწყებულა, აშშ-ს დეპარტამენტი კი უკვე აფრთხილებს თავის მოქალაქეებს ამის შესახებ - "ეს ფაქტობრივად იმის აღიარებაა, რომ ყოველივეს სახელმწიფო დეპარტამენტი და "ცე-ერ-უ" განაგებს".
ხოლო აზერბაიჯანი კი მათ იმიტომ აირჩიეს - აცხადებს ჯემალი, რომ - აზერბაიჯანი სამხრეთ კავკასიის საკვანძო ქვეყანაა და იმ შემთხვევაში, თუკი აზერბაიჯანის ახლანდელი პრეზიდენტის ნაცვლად მის ადგილზე მოვლენ დასავლეთზე გაცილებით უფრო დამოკიდებულია ადამიანები, ისინი აზერბაიჯანს იმწუთასვე აშშ-ს სამხედრო მანევრების ბაზად აქცევენ, კერძოდ, ქვეყნად საიდანაც ირანზე დარტყმა უნდა მომზადდეს.
"მიმაჩნია, რომ მკაცრად უნდა გადამოწმდეს და შემოწმდეს ანტიაზერბაიჯანული საქმიანობა როგორც საქართველოს ისე თავად აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. უნდა გადამოწმდეს ყველა ფაქტი - რამდენად შეესაბამება ისინი სინამდვილეს. ეს არის ინფორმაცია, რომელიც ჩემთვის ხელმისაწვდომი სწორედ ამ ფორმით გახდა და იგი უნდა გადამოწმდეს და შესაბამისად თუ ამას მართლაც აქვს ადგილი ეს უნდა აღიკეთოს. ხოლო იმ შემთხვევაში თუ მოხერხდება საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა ფაქტზე დაჭერა, მიმაჩნია, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლებამ შორსმიმავალი დასკვნები უნდა გააკეთოს და გადახედოს ასეთ პარტნიორთან ურთიერთობებს", _ აცხადებს ჰეიდარ ჯემალი.