სასამართლოს შემდეგ ფიროსმანის "შავი ლომის" ქართველი მფლობელის, ყარამან ქუთათელაძის ადვოკატი პროკურატურას მიმართავს.
დიმიტრი გაბუნიას განცხადებით, საქმეში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთა, რაც მინდობილობის გაყალბების საფუძველზე სხვისი ქონების მითვისებას ეხება.
"საქმეში გამოიკვეთა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები. ამის საფუძველზე დღეს პროკურატურას განცხადებით მივმართავთ, იმედი მაქვს რომ, ის საქმეს ობიექტურად გამოძიებს და დაადგენს, რომ საქმე გვაქვს ყალბი, არასწორი, უკანონო მინდობილობის საფუძველზე სხვისი ქონების მითვისებასთან", - აცხადებს ქუთათელაძის ადვოკატი.
ამასთან, მისივე განმარტებით, არ არსებობს "შავი ლომის" გატანის ოფიციალური მიმართვაც, მათ შორის არც კულტურის სამინისტროში, რასაც უწყების ხელმძღვანელი ნიკა რურუაც ადასტურებს.
თავად ყარამან ქუთათელაძე აცხადებს, რომ თაღლითობის მსხვერპლია და ვიაჩესლავ ეფიმოვმა მასთან ურთიერთობა ბოროტად გამოიყენა. ამასთან, ის უარყოფს ინფორმაციას, თითქოს ეფიმოვს მისგან 50-მდე ტილო აქვს შესყიდული.
შეგახსენებთ, რომ მინდობილობის გაუქმების მოთხოვნით ქუთათელაძის ადვოკატმა გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა.