აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარებისთვის ფულის გადახდაზე რუსეთმა უარი თქვა. ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრ მაქსიმ ღვინჯიას განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.
"თვითონ რუსეთმა თქვა უარი იმ გზაზე, როდესაც ფულს იხდიდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებაში. ახლა არ ვიცი, რა პოლიტიკურ შეთანხმებას აქვს ადგილი საერთაშორისო თანამეგობრობაში დავდივარ ევროსაბჭოში, ვეკონტაქტები ევროპულ დელეგაციებს. რუსეთმა თქვა, რომ არ გადაიხდის ფულს ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარებაში, ეს პირდაპირ არ იყო ნათქვამი, მაგრამ რამდენიმე განცხადებაში ბწკარებს შორის ეს ჩანდა", - აღნიშნა მაჭავარიანმა.
რაც შეეხება სხვა ქვეყნების მხრიდან საქართველოს ოკუპირებული რეგიონების აღიარებას, მაჭავარიანი კატეგორიულად გამორიცხავს და აღნიშნავს, რომ "მაქსიმ ღვინჯია ამაში იღებს ხელფასს, რომ აღიარება შესთავაზოს ქვეყნებს. ის, ალბათ, ამომრჩევლის წინაშე იმართლებს თავს".
"მანაც და ყველამ უნდა იცოდეს, რომ მომავალი აფხაზებს და ქართველებს აქვთ ერთად", - დასძინა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.
შეგახსენებთ, რომ სოხუმის სეპარატისტული რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი მაქსი ღვინჯიას მტკიცებით, აფხაზეთის "დამოუკიდებლობას" მალე სამი სახელმწიფო აღიარებს, თუმცა ამ ქვეყნების დასახელებისგან თავი შეიკავა.