„თავისუფალი დემოკრატების" ლიდერ ირაკლი ალასანიას განცხადებით, გირგვლიანის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ საბოლოოდ დაადასტურა, რომ ხელისუფლების ყველა შტო შეთანხმებულად მოქმედებდა, რათა ხელი შეეშალათ ამ საზარელი მკვლელობის საქმეში სიმართლის დადგენისა და სამართლის აღსრულებისთვის.
მისი თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილებამ სააკაშვილის რეჟიმს განაჩენი გამოუტანა.
„გადაწყვეტილებაში ასახულმა დასკვნებმა საბოლოოდ დაადასტურა, რომ სააკაშვილის ხელისუფლების ყველა შტო - შსს, პროკურატურა, სასჯელაღსრულების დეპარტამენტი, სასამართლო და თავად საქართველოს პრეზიდენტი მოქმედებდა შეთანხმებულად, რათა ხელი შეეშალათ ამ საზარელი მკვლელობის საქმეში სიმართლის დადგენისა და სამართლის აღსრულებისთვის. სააკაშვილის პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტრო აყალბებდნენ დაკითხვის ოქმებს და ამახინჯებდენ ფაქტებს; მალავდნენ მნიშვნელოვან მტკიცებულებებს. სააკაშვილის მართლმსაჯულება არ არის დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და ობიექტური", - განაცხადა ალასანიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.
მისი თქმით, სააკაშვილს და მის ხელისუფლება ვერასდროს გაექცევა სამართალს და ყველას მოუწევს ჩადენილ დანაშაულზე პასუხისგება.