სამოქალაქო მოძრაობა "სოლიდარობა უკანონო პატიმრების" ლიდერი ეკა ბესელია გირგვლიანის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. ბესელიას განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ გამოჩდა, რომ სააკაშვილის სასამართლო სისტემა დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი არ არის, იგი ემსახურება რეჟიმის გაძლიერებას და არა საქართველოს მოქალაქეების კანონიერი უფლებების დაცვას.
"სანდრო გირგვლიანის განაჩენს, როგორც სამართლიანობის აღდგენის ვერდიქტს, დიდი ხანია მოუთმენლად ელოდა საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი. ეს საქმე იქცა წყალგამყოფად საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის და ყველაზე შემზარავად წარმოაჩინა სააკაშვილის ძალადობრივი და დანაშაულებრივი რეჟიმის სისასტიკე. სამართლიანობის აღდგენა დაიწყო ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელმაც საბოლოოდ დაადასტურა,რომ სააკაშვილის ხელისუფლების რეპრესიული მანქანა, პოლიცია, პროკურატურა და სასამართლო ორგანიზებულად მოქმედებდა, რათა მკვლელობის საქმეში სამართლიანობა არ დადგენილიყო. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე წელი გავიდა დანანშაულის ჩადენიდან, სამართლიანობა აღდგა და კიდევ ერთხელ გაამყარა ევროპის სასამართლომ აზრი, რომ სამართალს ვერავინ ვერასდროს გაექცევა და კანონის წინაშე ყველა თანასწორია. გირგვლიანის საქმის სიმძიმე და მაშტაბი განაპირობა იმ ფაქტმა, რომ დანაშაულში მონაწილეობდნენ მაღალი თანამდებობის პირები, ისინი, ვინც უნდა იცავდეს კანონს და სამართალს. ნაცვლად ამ მოვალეობის დაცვისა , ჩვენ ვიხილეთ როგორ საშიშ დამნაშავეებად გადაიქცნენ ხელისუფლების წარმომადგენლები, როგორ ცდილობდნენ აერიდებინათ პასუხისმგებლობა და რა მაშტაბი შეიძინა დაუსჯელობის სინდრომმა", - აცხადებს ბესელია.
ბესელიას თქმით, ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მთავრობა დამარცხდა თავისი რეპრესიული პოლიტიკით, პოლიტიკით გაჯერებული გამოძიებით და სასამართლო სისტემით.
"ხელისუფლებას მოუწევს აღიაროს ეს შეცდომები და დაუბრუნდეს ამ საქმის გამოძიებას საერთაშორისო ვერდიქტის ქვეშ", - დასძენს ბესელია.
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილი დღეს გახდა. სტრასბურგის სასამართლომ დარღვეულად ცნო ევროკონვენციის მეორე მუხლი, რომელიც სიცოცხლის უფლების პატივისცემას ითვალისწინებს. ევროსასამართლომ მიუთითა, რომ გამოძიება, რომელიც წარიმართა საქართველოს შიდა ინსტანციაში - შსს-ში, პროკურატურაა და სასამართლოში, არ შეესაბამებოდა ევროკონვენციის მეორე მუხლის სტანდარტებს. სასამართლომ დარღვეულად ცნო ევროკონვენციის 38-ე მუხლი, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფოს ვალდებულებას, ითანამშრომლოს სასამართლოსთან ფაქტების დადგენაში. საქართველოს მთავრობის მიერ გარკვეული მტკიცებულებები წარდგენილი იყო დაგვიანებით, ხოლო გარკვეული მტკიცებულებები - გაყალბებული სახით. სასამართლომ მიიჩნია, რომ სიცოცხლის უფლებასთან დაკავშირებით პრეტენზიები სრულად ასახავდა იმ პრეტენზიებს, რომელიც სამართლიან სასამართლოსთან დაკავშირებით შეიძლებოდა ყოფილიყო და სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევაზე ცალკე არ უმსჯელია.
ევროსასამართლომ საქართველოს სახელმწიფოს დააკისრა, სამი თვის ვადაში მოსარჩელე გურამ გირგვლიანის სასარგებლოდ გადაიხადოს 50 ათასი ევრო.