დღეიდან რუსეთსა და სეპარატისტულ აფხაზეთს შორის ე.წ. უვიზო რეჟიმი ამოქმედდება. ეს განცხადება სოხუმში მყოფმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აფხაზ სეპარატისტთა ლიდერთან სერგეი ბაღაფშთან შეხვედრის დროს გააკეთა.
"დღეს მნიშვნელოვანი მოვლენა გველის, ჩვენ გავცვლით ნოტებს, რომლებიც საშუალებაც მოგვცემენ შემოვიღოთ უვიზო რეჟიმი უკვე ოფიციალურად. თუმცა უკვე საკმარისად ეფექტური ღონისძიებები გატარდა იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენს მოქალაქეებს ერთმანეთთან კომფორტულად ემოგზაურათ", _ განაცხადა ლავროვმა სოხუმში.
თავის მხრივ აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა განაცხადა, რომ "რუსეთის საგარეო პოლიტიკური გამოცდილება ყოველთვის საინტერესო და სასარგებლოა სოხუმისათვის".
რუსული მედიის ინფორმაციით, სერგეი ლავროვის ვიზიტის ფარგლებში დღეს ასევე ხელი მოეწერა შეთანხმებას საინფორმაციო-კულტურული ცენტრების დაარსებისა საქმიანობის პირობების შესახებ.