"გამამართლებელი განაჩენების დაბალი მაჩვენებელი ქართულ სასამართლოებში ამძიმებს სასამართლო სისტემას", - ამ სათაურის სტატიას გამოცემა "TrustLaw" აქვეყნებს.
"თბილისი ისრაელელი ბიზნესმენების სადავო პატიმრობის გამო ყურადღების ცენტრში მოაქცია. მართალია 2003 წლის შემდეგ, მას მერე რაც მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებაში მოვიდა, საქართველოს სასამართლო სისტემაში ტრანსპარენტულობა ნამდვილად გაუმჯობესდა, მაგრამ მონაცემები აჩვენებს რომ ბრალდებულებს გამამართლებელი განაჩენის უკიდურესად დაბალი შანსები აქვთ. თუ კრიმინალური საქმეების 2010 წლის იმ სტატისტიკას გადავხედავთ, რომელიც ამას წინათ უზენაესმა სასამართლომ გამოაქვეყნა, ვნახავთ, რომ ბრალდებულთა მიერ მოგებული საქმეების რაოდენობა სულ 0.04%-ს შეადგენს" - წერს გამოცემა.
ამასთან, "TrustLaw" ებრაელი ბიზნესმენების დაპატიმრებაზე ყურადღებას კიდევ უფრო ამახვილებს და ადვოკატების კომენტარებზე დაყრდნობით მიიჩნევს, რომ მათი საქმეები საქართველოს ხელისუფლების ფაბრიკაციაა.
"ეს საქმე საქართველოს ხელისუფლების ფაბრიკაციაა, რადგან მას უნდოდა თავიდან აეცილებინა $90 მილიონის გადახდა. ისინი მიუთითებენ პროკურატურის მიერ მოგებულ საქმეთა მაღალ მაჩვენებელზე და იმაზე, რომ საქართველოში შეუძლებელია სამართლიანი სასამართლო გადაწყვეტილების მიღება...თბილისში, საქართველოს რელიეფურ, საშუალო საუკუნოვან დედაქალაქში, მოსახლეობას ქართული სასამართლო სისტემის ეფექტურობაზე შერეული წარმოდგენა აქვს", - მიიჩნევს გამოცემა.
სტატიის ბოლოს "TrustLaw" წერს, რომ თუ საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით დასახული მიზნების მიღწევა სურს, მას დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი სასამართლოს შექმნა მოუწევს.