გორში 26 აპრილს ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათ დღეს ტრადიციულად ,,ოქონობის" სახალხო დღესასწაული აღინიშნება.
,,ოქონობის" დღესასწაულზე ჩვეულებისამებრ მრავალფეროვანი ღონისძიებები ეწყობა. დღე ტრადიციულად ოქონის ნიშთან დაიწყება, სადაც 9:00 საათიდან სამთავისისა და გორის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა) სადღესასწაულო წირვა-ლოცვას ჩაატარებს. წირვის შემდეგ მრევლი სამლოცველო მსვლელობით ქალაქის ქუჩებს შემოივლის. შემდეგ კი მეუფე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ქრისტეს 12 მოციქულის სახელზე 12 ნერგს დარგავს.
ღონისძიებები გაგრძელდება გორის გიორგი ერისთავის სახელობის სახლმწიფო დრამატულ თეატრში კონცერტით, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ჯაზ-ჯგუფი „კანუდოსი", მუსიკალურ პროექტ ,,ჯეოსტარი 2010"-ის გამარჯვებული ოთო ნემსაძე და ადგილობრივი შემსრულებლები.
"ოქონობის" დღესასწაულთან დაკავშირებით დღის ბოლოს გორის მოსწავლე- ახალგაზრდობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრში რუსუდან სებისკვერაძის შემოქმედებითი საღამო გაიმართება, რომელშიც მუნიციპალიტეტის მოწვევით მონაწილეობას მიიღებენ ,,ქართული ხმები", ,,ალილო", ,,თეატრალური კვარტეტი" და ნუკრი კაპანაძე. აქვე აჟღერდება კომპოზიტორის ახალი სიმღერა, რომელიც ქალაქ გორს ეძღვნება.
,,ოქონობა" გორში წელს მერვედ აღინიშნება. დღესასწაული საუკუნეების წინ მივიწყებული ტრადიციაა, რომელიც სამთავისისა და გორის მიტროპოლიტ ანდრიას ლოცვა-კურთხევით აღდგა და გორელების საყვარელ დღესასწაულად იქცა. დღესასწაული უკავშირდება ოქონის ხატს, რომელიც მე-12 საუკუნიდან გორის მფარველად მიიჩნეოდა და თამარ მეფის მიერ აშენებულ ოქონის ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარში იყო დაბრძანებული. ხატი ქართულ-ოსური კონფლიქტის დროს დაიკარგა და 2001 წელს კრისტის აუქციონზე აღმოაჩინეს, ხოლო 2004 წლიდან ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ოქროს ფონდში ინახება.