რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრი, კრასნოდარის მხარის გუბერნატორის წარმომადგენელი ალექსანდრე პოჩინოკი საუბრობს იმის შესახებ, თუ რატომ არ ამჟღავნებს რუსეთი ინტერესს აფხაზი სეპარატისტების მიერ წარმოდგენილ წინადადებაზე, კერძოდ, სოხუმის აეროპორტის გამოყენების შესაძლებლობაზე და აცხადებს, რომ - "დადებული ქვის ქვეშ წყალი არ გადის".
"დადებული ქვის ქვეშ წყალი არ გადის. აფხაზეთმა თავად უნდა შემოგვთავაზოს. მათ წესრიგში უნდა მოიყვანონ ინფრასტრუქტურა, სასტუმროები და ა.შ. არ შეიძლება არსებობდეს რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ ტურისტი ჯონ სმიტი ვალდებულია ამა თუ იმ სასტუმროში დასახლდეს. ის თავად აკეთებს არჩევანს", _ აცხადებს პოჩინოკი.
მისი თქმით, ჩამოსული ტურისტები თავად გადაწყვეტენ, სად დასახლდებიან.
"თუ აფხაზეთი კარგ სასტუმროებს მოამზადებს, იქ ხალხი ჩავა. ეცადონ და მოიზიდონ ტურისტები. მიაქციეთ ყურადღება, რომ ტურისტები ხალისით მიდიან აფხაზეთში, მაგრამ შემდეგ მომსახურების ხარისხზე, საკვებზე და მოძველებულ ინფრასტრუქტურაზე ჩივიან. ანუ ყველაფერი აფხაზეთზეა დამოკიდებული", _ აცხადებს რუსი მაღალჩინოსანი.