საპარლამენტო ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" აპარატის უფროსი და ვანის საკრებულოს წევრი დათო ლორთქიფანიძე დღეს ვანის რაიონის სოფლების - ამაღლებისა და ინასაურის მოსახლეობას შეხვდა.
ლორთქიფანიძის განცხადებით, ამ სოფლების საზღვარზეა გაზგამანაწილებელი სადგური, საიდანაც ბუნებრივი აირით მთელი რაიონი მარაგდება, ამაღლების თემი კი უკვე წლებია გაზის მიწოდებას უშედეგოდ ელის.
"ჩვენ აუცილებლად ვუშუამდგომლებთ ამ სოფლების 2 ათასამდე მცხოვრებს "იტერა საქართველოსთან" და ხელისუფლებასთან, რათა ეს პრობლემა საბოლოოდ მოგვარდეს. ამას გარდა აქ გადაუჭრელი საკითხია წყლით მომარაგებაც. ამ მიმართულებით სამუშაოს დაწყების მცდელობა რამდენჯერმე იყო და ბოლო არჩევნების წინ მილებიც მოიტანეს, მაგრამ არჩევნების შემდეგ მილები გაქრა, ქუჩები კი დღემდე გადათხრილია" - განაცხადა დათო ლორთქიფანიძემ.
მასალის გამოყენების პირობები