"ახალი მემარჯვენეების" ერთ-ერთი ლიდერი დავით საგანელიძე მიიჩნევს, რომ ლიბიაში სამხედრო ოპერაციები ელვისებურად უნდა განხორციელებულიყო და კადაფისთვის მანევრირების საშუალება არ უნდა მიეცათ.
„მსოფლიო თანამეგობრობა იძულებული გახდა, ლიბიასთან მიმართებით რადიკალური ზომები მიეღო და სამხედრო ოპერაციები ჩაეტარებინა. თუმცა, ჩემი აზრით, აქაც შეცდომა დაუშვეს, რადგან, როცა შენ ამაზე მიდიხარ, ოპერაცია ძალიან სწრაფად, მყისიერად უნდა განხორციელდეს. მით უფრო, დასავლეთს საამისო უსაზღვრო სამხედრო პოტენციალი გააჩნია. ხომ წარმოგიდგენიათ, ნატოს სამხედრო პოტენციალი და ამ, დროის ლიბიის ან ეგვიპტის სამხედრო ძალა?!"_ აცხადებს „ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას "ახალი მემარჯვენეების" ერთ-ერთი ლიდერი დავით საგანელიძე.
მისი თქმით, დასავლეთის ასეთმა გაჭიანურებულმა ქმედებამ არათუ დადებითი შედეგი გამოიღო, პირიქით, საზოგადოების უარყოფითი განწყობა მოიტანა.
უნდობლობისა და შიშის მომენტი გაჩნდა, უკვე ფიქრობენ, იქნებ, არ ღირდა, ამბოხების წამოწყება.
„პროფესიით ქირურგი და ონკოლოგი გახლავართ და ძალიან კარგად ვიცი, თუ მინდა ორგანიზმი გადავარჩინო მასში არსებული სიმსივნური ქსოვილის მოცილების გზით, ამას წამლებით, ინექციებით და შელოცვებით ვერ უმკურნალებ. ათობით ოპერაცია მაქვს გაკეთებული, ზოგჯერ ექვსი ან შვიდი ორგანო მაქვს ორგანიზმიდან ამოღებული. მესმის, რომ ძალიან მტკივნეული, მძიმე იყო ეს ოპერაციები, სამაგიეროდ, ერთ მიზანს ემსახურებოდა_ორგანიზმის გადარჩენას. ეს ადამიანები დღესაც ცოცხლობენ. სამწუხაროდ, როცა ასე ელოლავები და ეფერები, სიტუაციას უფრო და უფრი ამძიმებ, რის შემდეგაც გადაგყავს ისეთ სტადიაში, როცა მისი მკურნალობა და გადარჩენა აღარ შეიძლება. ჩემი აზრით, დღეს ასეთი ინექციები შეჰყავთ ამ ქვეყნებში, მაშინ, როცა საჭიროა, რადიკალური ღონისძიებების მიღება",_აღნიშნავს საგანელიძე.