"დედამიწა ძალიან დაპატარავდა, ყველგან ერთი და იგივე სიტუაციაა. ადრე, კონკისტადორთა ან კიდევ კოლუმბის დროს, სრულიად ახალი ცივილიზაციების აღმოჩენა ხდებოდა, მაიასა და აცტეკების სახით. თუმცა ევროპამ ყველაფერი დააქცია, რაც მანამდე უცნობ კონტინენტებს მიადგა", _ აცხადებს რეჟისორი ოთარ იოსელიანი "კულტურის პარკისთვის" მიცემულ ინტერვიუში.
მისი თქმით, ინდოეთში ინგლისის მიერ განხორციელებულმა ექსპანსიამ, პრაქტიკულად, ძველი ინდური კულტურა დააქცია და ახლა ინდოეთში მეფობს ბოლივუდი, რომელიც ყოველდღიურად 500 ფილმს უშვებს.
"ეს მასობრივი კულტურის იმ ადამიანებისთვის თავს მოხვევაა, რომელთაც ებოძათ ნათელი გონება, ნირვანა, იოგის მეთოდი, ადამიანთა სულთა გადასახლების შესახებ იდეა. ევროპელებმა კი აფრიკა სრულიად გარყვნეს", _ აღნიშნავს იოსელიანი.