პოლიტოლოგ სოსო ცინცაძის ვარაუდით, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების თაობაზე ხელისუფლებასა და "რვიანს" შორის მიმდინარე მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება.
"რვიანის" ფორმატის მოლაპარაკება, რომელსაც მე ცოტა გაზვიადებულად "ისტორიულს" ვუწოდებ, წარმატებით უნდა დამთავრდეს, რადგან ის დასავლეთის პატრონაჟით მიმდინარეობს. სავარაუდოდ, მხარეები მივლენ კომპრომისამდე, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ რომელიმე გარანტირებულად მიიღებს არჩევნებში გამარჯვების ვერდიქტს", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს"ცინცაძემ.
პოლიტოლოგის განმარტებითვე, სწორედ სამართლიანი საარჩევნო გარემოს შექმნის აუცილებლობა იყო ამერიკის შეერთებული შტატების მდივან ჰილარი კლინტონის მთავარი გზავნილი, რომელიც მან მოლაპარაკებებში ჩართულ მხარეს ბერლინში გამართული მინისტერიალიდან გამოუგზავნა.
"ხშირად იყენებენ სიტყვა "დათმობას". დათმობები დიპლომატიასა და პოლიტიკაში არ არის ლეგიტიმური ტერმინი. აქ ორმხრივი კომპრომისებია საჭირო. დათმობები, ეს დათო აქუბარდიას სტილია. ძალზე მკაცრი სპორტია პოლიტიკა და აქ ლამაზი თვალებისთვის არავინ არაფერს დათმობს. საჭიროა მხარეებს შორის ორმხრივი კომპრომისის მიღწევა. კლინტონის განცხადებაც სწორედ იმას ნიშნავს, რომ უნდა იყოს გარემო, რომელიც სამართლიანი არჩევნების ჩატარებას უზრუნველყოფს და სახელმწიფო მდივნის გამოსვლა არ უნდა გავიგოთ ისე, თითქოს მან საქართველოს პრეზიდენტს ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარება ურჩია. ამას არავინ გვეტყვის", - განმარტა ცინცაძემ.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ბერლინში საქართველოს და ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განაცხადა, რომ საარჩევნო კანონმდებლობის სფეროში რეფორმების განხორციელებამ უნდა უზრუნველყოს საქართველოს ხელისუფლების სრულყოფილად დემოკრატიული გადაცემა მომდევნო 2012 და 2013 წლების არჩევნებში. "არ არსებობს იმაზე მნიშვნელოვანი ამოცანა, ვიდრე იმ დემოკრატიული მიღწევების განმტკიცებაა, რაც აქამდე გაკეთდა", - განაცხადა კლინტონმა.