უშიშროების საბჭოს მდივან გიგა ბოკერიას განცხადებით, ყველა ნაბიჯი რომელსაც საქართველო გადადგამს, რომ უფრო მეტად იყოს დაახლოებული ევრო-ატლანტიკურ სივრცესთან, რუსეთისგან გამოიწვევს გაღიზიანებას. მისი თქმით, რუსეთის ფედერაცია ინარჩუნებს აბსოლუტურად არალეგიტიმურ პოზიციას, რაც რუსეთის საგარეო უწყების დღევანდელი განცხადებიდანაც ჩანს.
"არამგონია ვინმესთვის გასაკვირი იყოს რუსეთის ფედერაციის გაღიზიანება საქართველოსა და ნატო-ს თანამშრომლობის დაახლოებასთან დაკავშირებით. ეს ბუნებრივი გაღიზიანებაა. სამწუხაროდ ჯერ კიდევ, მოსკოვის პოლიტიკურ ხელმძღვანელობაში, მიდგომა საქართველოსა და მისი სუვერენიტეტისა და თავისუფლების მიმართ არ შეცვლილა. ყველა ნაბიჯი რომელსაც საქართველო გადადგამს, რომ უფრო მეტად იყოს დაახლოებული ევრო-ატლანტიკურ სივრცესთან, იყოს უფრო დაცული, რუსეთისგან გამოიწვევს გაღიზიანებას", - განაცხადა ბოკერიამ.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობა იმედს იტოვებს, რომ ეს რუსეთის დღევანდელი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ შეიცვლება.
"იმედი გვაქვს რომ შეიცვლება მათი დამოკიდებულა საერთაშორისო ვალდებულებების, ოკუპაციისა და დეოკუპაციისკენ გადასადგმელი ნაბიჯების მიმართ. რუსეთის ფედერაცია ინარჩუნებს აბსოლიტურად არალეგიტიმურ პოზიციას, რისი დემონსტრირებაც მოახდინეს ამ ბოლო განცხადებით, ამაში სამწუხაროდ არაფერი მოულოდნელი არ არის. ეს არ შეცვლის არც საქართველოს დამოკიდებულებას, არც საერთაშორისო თანამეგობრობის დამოკიდებულებას. ეს პრობლემა რუსეთის ფედერაციის წინაშე იქნება იქამდე, სანამ არ გადაიდგმება კონკრეტული ნაბიჯები დეოკუპაციისკენ", - აღნიშნავს უშიშროების საბჭოს მდივანი.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ნატო-საქართველოს კომისიის მიერ გაკეთებულ ერთობლივ განცხადებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. განცხადების მიხედვით, რუსეთის საგარეო უწყება ნატო-საქართველოს კომისიის განცხადებას რიტუალურ შელოცვას უწოდებს.