რუსეთი დინების წინააღმდეგ სვლას განაგრძობს, - ამის შესახებ "ჩვენ თვითონის" ლიდერმა, ვიცე-სპიკერმა პაატა დავითაიამ ნატო-საქართველოს კომისიის ერთობლივ განცხადებაზე რუსეთის გამოხმაურების შეფასებისას განაცხადა.
"რუსეთის ფედერაციის მხრიდან მსგავსი განცხადებების გაკეთება არ მიკვირს, რადგან მათ მსგავსი განცხადებები არერთხელ გაუკეთებიათ. ნათ შორის რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლიაზეც აღნიშნა, რომ რუსეთი არ აპირებს ვალდებულებების შესრულებას", - აღნიშნა დავითაიამ.
მისივე თქმით, რუსეთს არ აინტერესებს საერთაშორისო თანამეგობრობის მეგობრობის შეფასებები და საერთაშორისო სამართლის ნორმები.
"რეალურად რუსეთი დინების წინააღმდეგ მიდის. აქედან გამომდინარე საერთაშორისო თანამეგობრობამ მის წინაღმდეგ უფრო მეტი ზეწოლა უნდა განახორცილოს, რომ აიძულოს ნაკისრი ვალდებულებების შესრულება", - აცხადებს ვიცე-სპიკერი.
შეგახსენებთ, რომ მოსკოვი ნატო-საქართველოს კომისიის ერთობლივ განცხადებას "ცრუ სიგნალების შემცველად" აფასებს და სინანულს გამოთქვამს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამია, რომ მედვედევი-სარკოზის შეთანხმების შესრულება რუსულმა მხარემ 2010 წლის 18 ოქტომბერს დაასრულა, როცა სოფელ პერევიდან რუსული პოსტი გადაიტანა.
"უკეთესი იქნებოდა, თუ ნატო-ელი პარტნიორები საქართველოს ხელისუფლებას უსაფრთხოებისა და კავკასიაში სტაბილურობის საკითხების მიმართ კონსტრუქციულად განაწყობდნენ. რიტუალური ფიცის გამეორება თითქოსდა რუსეთის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობის შესახებ, ცრუ სიგნალებს იძლევა და სინანულის ღირსია", - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც ცნობილია, ბერლინში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის შემდეგ მიღებულ განცხადებაში მხარეებმა რუსეთს მოუწოდეს, გააუქმოს ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილება და შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოსა და 8 სექტემბრის ევროკავშირის შუამდგომლობით საქართველოსთან დაკავშირებით აღებული ვალდებულებები.