„ჩვენი ჯარები ახლა არა საქართველოს, არამედ დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზეა განთავსებული", - ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის სათათბიროს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ანდრეი კლიმოვიმ, ნატო-საქართველოს კომისიის მიერ მიღებულ განცხადებაზე კომენტირებისას განუცხადა.
„მოცემულ სიტუაციაში რუსეთი მიიჩნევს, რომ მისი ჯარები ახლა განთავსებულია დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე. აქედან გამომდინარე, არ ვფიქრობ, რომ მოსკოვი არღვევს დაკისრებულ ვალდებულებებს. მე თავად ვმონაწილეობდი და ვაკვირდებობი როგორ იქმნებოდა ეს დოკუმენტი და მახსოვს ყველა ნიუანსი. მოცემული რეალობიდან გამომდინარე, მე ვერ დავადანაშაულებ ჩემს სახელმწიფოს ვალდებულებების შეუსრულებლობაში", - განმარტა დეპუტატმა.
შეგახსენებთ, რომ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე, რომელიც ბერლინში გაიმართა სპეციალური განცხადება იქნა მიღებული. მასში ალიანსი ორგანიზაციაში საქართველოს სწრაფვას მხარდაჭერას კიდევ ერთხელ უცხადებს, რაც შეეხება მოსკოვს კი, ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებს.