"საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების მიზანი გიუმრის სამხედრო ბაზაზე სამხედრო პერსონალისა და სამხედრო ტექნიკის ტრანსპორტირებისთვის სირთულის შექმნაა", - აცხადებს რუსი სამხედრო ექსპერტი ალექსანდრე გოლცი საქართველოს პრეზიდენტის ამ ინიციატივის კომენტირებისას. ინფორმაციას ამის შესახებ რადიო "სვაბოდა" ავრცელებს.
"ცხადია, რომ ამ ნაბიჯის მიზანი სამხედრო ბაზაზე სამხედრო პერსონალისა და სამხედრო ტექნიკის ტრანსპორტირებისათვის სირთულის შექმნაა. შეგახსნებთ, რომ რუსეთის არმიის შევსება წვევამდელობის საფუძველზე ხდება. ეს კი ნიშნავს, რომ ექვს თვეში ერთხელ გიუმრში პირადი შემადგენლობის შეცვლა ხორციელდება, ხოლო როდესაც ეს შეუძლებელი ხდება სამხედრო ბაზა სერიოზული სირთულეების წინაშე დგება", _ აცხადებს ექსპერტი და დასძენს, რომ მიუხედავად ამისა, რუსეთს აქვს რიგი ალტერნატიული ვარიანტები, რომლებიც მას საშუალებას აძლევს სამხედრო ბაზის მომარაგება შეუფერხებლად მოახდინოს.
"არის მრავალი ვარიანტი, შეიძლება ამ მიწოდებების განხორციელება სხვა სახელმწიფოს საჰაერო გზით. მეორე ვარიანტია - დიდი მარაგის შექმნა ყველაფერ იმისა, რაც გიუმრშია საჭირო. ამის პარალელურად კი გიუმრის პირადი შემადგენლობის გადაყვანა კონტრაქტის საფუძველზე შეიძლება", _ აცხადებს სამხედრო ექსპერტი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქვეყნის პარლამენტს მიმართა წინადადებით და რუსეთთან 2006 წელს გაფორმებული ხელშეკრულების ანულირება მოითხოვა, რომლის მიხედვითაც ხდებოდა ტრანზიტის რეგულირება პერსონალისა და ტვირთებისთვის რუსეთის იმ სამხედრო ბაზებზე, რომლებიც საზღვარგარეთ არის განლაგებული.
საქართველოს თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის ირაკლი ქავთარაძე საქართველოს პრეზიდენტის ამ ინიციატივის კომენტირებისას აცხადებს, რომ ხელშეკრულების მოქმედებას "ვადა ამოეწურა და საქართველოსა და რუსეთს შორის ამჟამად არსებული მდგომარეობის გამო ვადის გაგრძელება უბრალოდ უაზრობაა".
აღსანიშნავია, რომ მომდევნო კვირას საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი სააკაშვილის წინადადებას განიხილავს, რის შემდეგაც ეს საკითხი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად გავა.