დემოკრატია არ არის პროცესი, რომელიც შეიძლება რაღაცის შემდეგ დასრულდეს.
ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა პავლე კუბლაშვილმა აშშ-ს სახელმწიფო მდივანის ჰილარი კლინტონის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.
"არჩევნები უნდა ჩატარდეს დემოკრატიულ პრინციპებზე. საერთაშორისო საზოგადოება რა თქმა უნდა ამ პროცესს დააკვირდება და უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნები ყოველთვის ყურადღების ცენტრში იყო დღემდე, რაც ხელს შეუწყობს 2012 წლის არჩევნების ჩატარებასაც", - აღნიშნა კუბლაშვილმა.
დეპუტატმა 2010 წლის თვითმართველობის არჩევნები გაიხსენა და აღნიშნა, რომ 30 მაისის არჩევნები საერთაშორისო ორგანიზაციების, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის და სადამკვირვებლო მისიების მიერ დადებითად და დემოკრატიის კუთხით წინ გადადგმულ ნაბიჯად არის შეფასებული.
"ვფიქრობ რომ ასეთივე შეფასებები უნდა დაიმსახუროს შემდეგმა არჩევნებმაც. მაგრამ დემოკრატია არ არის ერთი პროცესი, რომელიც შეიძლება რაღაცის შემდეგ დასრულდეს და მორჩა ამის შემდეგ ქვეყანა სულ დემოკრატიული იყოს. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა თავის ქვეყანაში არსებულ ვითარების შესახებ, რომ გამოაქვეყნა ანგარიში იქაც წერია, რომ პრობლემების კიდევ არის დარჩენილი", - აღნიშნა კუბლაშვილმა და აქვე დასძინა, რომ პრობლემები ყველგან არის, მაგრამ მთავარი პრინციპია, რომ დემოკრატიის განვითარება მუდმივად ხდებოდეს.
შეგახსენებთ, რომ ჰილარი კლინტონმა ბერლინში საქართველოს და ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე აღნიშნა, რომ აშშ მხარს ვუჭერს საქართველოს, განსაკუთრებით საარჩევნო კანონმდებლობის სფეროში რეფორმების განხორციელებაში, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ხელისუფლების სრულყოფილად დემოკრატიული გადაცემა მომდევნო 2012 და 2013 წლების არჩევნებში.