პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ ბოლქვაძე ხულოს რაიონში იმყოფებოდა.
დეპუტატმა სოფლები: ვაშლოვანი და ქვედა თხილვანა მოინახულა, რომლებსაც გასულ ზამთარს მეწყერმა დიდი ზარალი მიაყენა.
ქვედა თხილვანა, სადაც 74 კომლი ცხოვრობს, დღესაც მეწყერსაშიშია. ვითარებას ამძიმებს ისიც, რომ სტიქიამ წაიღო გზა და ხიდი. ნიადაგის ეროზიის გამო კი, ახალი კაპიტალური გზისა და ხიდის მშენებლობა ვერ ხერხდება. სავარაუდოდ, ზამთარში სოფელთან მიმოსვლა კვლავ შეფერხდება. სტიქიის გააქტიურების შემთხვევაში, საფრთხის ქვეშ ათეულობით ოჯახი აღმოჩნდება. ვაშლოვანში ვითარება ნაკლებად მძიმეა. იქ ეროზირებული ნიადაგი 10 სახლს ემუქრება.
ანზორ ბოლქვაძის განცხადებით, მოსახლეობამ მასთან შეხვედრისას აჭარაში ან გურიაში საცხოვრებლად გადასვლის მზადყოფნა გამოთქვა, თუკი მთავრობა მათ სახლ-კარსა და სასოფლო-სამეურნეო მიწებს გამოუყოფს.