გურჯაანის რაიონის სოფელ ნანიანის საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლე, 13 წლის მაკა ზირაქაშვილი დაუდგენელი დიაგნოზით გარდაიცვალა.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს გარდაცვლილის მეზობლებმა განუცხადეს, გოგონა თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ერთი კვირის წინ წინ მოათავსეს.
`თავდაპირველად ექიმები მას ინტოქსიკაციაზე მკურნალობდნენ. მოგვიანებით ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა. ექიმებმა ეჭვი მენინგიტზე მიიტანეს, თუმცა გოგონა გუშინ დაუდგენელი დიაგნოზით დაიღუპა~, - განაცხადეს ზირაქაშვილების მეზობლებმა.
გარდაცვლილი თვბილისიდან სოფელ ნანიანში უკვე გადაასვენეს.
გურჯაანის საგანმანათლებლო რესურს - ცენტრის უფროსის ლალი გაბიტაშვილის თქმით, ბავშვის გარდაცვალების შესახებ ინფორმირებულია საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი. რესურს - ცენტრის ცნობით, სოფელ ნანიანის სკოლაში სასწავლო პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის გურჯაანის რაიონული ცენტრის უფროსის მანანა გოგაშვილის ინფორმაციით, სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების თაობაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან მითითება არ მიუღიათ.