ტერორისტული აქტის მომზადებაში მონაწილე პირებს, რომლებიც ხელისუფლების ორგანოებს დროულად გააფრთხილებენ, შეღავათები დაუწესდებათ. აღნიშნულთან დაკავშირებით ცვლილება შედის "სისხლის სამართლის კოდექსში".
კანონპროექტის თანახმად, უქმდება "ტერორისტული აქტის" შესახებ მუხლის შენიშვნა, რომელიც ითვალისწინებს ტერორისტული აქტის მომზადებაში მონაწილე პირის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას, იმ შემთხვევაში, თუ იგი ხელისუფლების ორგანოს დროული გაფრთხილებით ან სხვაგვარად შეუწყობს ხელს ტერორისტული აქტის თავიდან აცილებაში და თუ მის ქმედებაში არ არის სხვა დანაშაულის ნიშნები.
კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორის, გიორგი ჩივიაშვილის განმარტებით, ცვლილებები გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ სისხლის სამართლის კანონმდებლობა პირის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას ისედაც ითვალისწინებს, თუ ის დროულად შეატყობინებს მოსალოდნელი დანაშაულის შესახებ შესაბამის ორგანოებს.
"სისხლის სამართლის კოდექსში" ცვლილებები საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა განიხილა და მხარი დაუჭირა.