საქალაქო სასამართლომ საპროცესო გარიგებით სანდრო ბრეგაძე პატიმრობიდან გაათავისუფლა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, ალექსანდრე ბრეგაძე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის III ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 6 წელი. მასვე, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 20 000 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ალექსანდრე ბრეგაძე გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
ბრეგაძეს ბრალად ედებოდა ხულიგნობა, ე.ი. ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით და ძალადობის გამოყენების მუქარით, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით.
საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ დაამტკიცა ა. ბრეგაძის მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე, პროკურატურასა და ბრალდებულს შორის გაფორმებული საპროცესო შეთანხმება. ა. ბრეგაძემ თავი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაული.