დღეს, ლაგოდეხის რაიონის სოფელი კართუბანი 1989 წლის 9 აპრილს დაღუპული მამუკა ნოზაძის ხსოვნისადმი მიძღვნილ სახალხო დღეს აღნიშნავს.
"მამუკაობაზე" ტრადიციულად, სპორტული ასპარეზობები გაიმართება, გამარჯვებულს კი მამუკა ნოზაძის სახელობის გარდამავალ თასს გადასცემენ.
22 წლის წინ, 1989 წლის 9 აპრილს რუსეთის სამხედრო შენაერთებმა სასტიკად დაარბიეს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა სისტემის წინააღმდეგ თავისუფლების მოთხოვნით შეკრებილი ქართველი მოსახლეობა.
9 აპრილის დილას, ორლესული ნიჩბებით დახოცილი და დაჭრილი, მომწამლავი აირით მოწამლულ ქართველ ახალგაზრდებს შორის ლაგოდეხელი მამუკა ნოზაძეც ერია. 21 წლის მამუკა ნოზაძის სიცოცხლე საქართველოს თავისუფლებას შეეწირა. ქვეყანამ რუსეთის იმპერიალისტურ ზრახვებს შეწირული 20 ქართველი ახალგაზრდა გმირებად შერაცხა.