ევროკავშირი მზადაა ოპოზიციურ "რვიანსა" და ხელისუფლებას შორის შექმნილი ჩიხური სიტუაციის განმუხტვას ხელი შეუწყოს.
ამის შესახებ ჟურნალისტებს "რესპუბლიკური პარტიის" ლიდერმა დავით უსუფაშვილმა საქართველოში ევროკავშირის ელჩთან ფილიპ დიმიტროვთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.
"ევროკავშირი დაინტერესებულია შედგეს პოლიტიკური კონსესუსი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. ევროკავშირის წარმომადგენლების მიერ გამოითქვა მზადყოფნა, რომ ის ხელი შეუწყოს შექმნილი ვითარების გამოსწორებას", - განმარტა უსუფაშვილმა.
ამასთან, "რესპუბლიკური პარტიის" ლიდერმა არასამთავრობო ორგანიზაცია NDI-ის მიერ ჩატარებული კვლევის შესახებაც გააკეთა კომენტარი, რომლის მიხედვითაც, მმართველ პარტიას საზოგადოების 52 %-ზე მეტი ენდობა და აღნიშნა, რომ ოპოზიციური "რვიანის" მიერ შემუშავებული საარჩევნო სისტემა სწორედ იმას გულისხმობს როცა ხელისუფლების რეიტინგი 52 %-ია, ,მათი მანდატების რაოდენობაც პარლამენტში შესაბამისი უნდა იყოს.
"სხვადასხვა პოლიტიკრი პარტიის მიმართ ხალხის დამოკიდებულება ადეკვატურად უნდა იყოს ასახული პარლამენტსა და საკრებულოში. ოპოზიციური "რვიანის" მიერ შეთავაზებული საარჩევნო სქემა სწორედ სადეპუტატო მანდატების რეიტინგების მიხედვით გადანაწილებას გულისხმობს", - აღნიშნა მან.