"ყველა რეფორმა, რომელიც საქართველოს შემდგომ განვითარებას ხელს უწყობს, ნატოს მხრიდან არის მხარდაჭერილი, ეს ეხება საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასაც", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა აკაკი მინაშვილმა სამხრეთ კავკასიაში და ცენტრალურ აზიაში ნატოს სპეციალურ წარმომადგენელ ჯეიმს აპატურაისთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძესთან გაიმართა.
"შეხვედრაზეხაზი გაესვა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მხარდაჭერას საქართველოს მიმართ. აპატურაის მხრიდან კიდევ ერთხელ ხაზგასმული იყო ის პროგრესი, რომელიც საქართველომ განიცადა", - აღნიშნა მინაშვილმა.
მინაშვილის თქმით, ნატოს სპეციალური წარმომადგენლის მხრიდან მხარდაჭერილი იყო ის საკონსტიტუციო რეფორმა, რომელიც საქართველოში განხორციელდა.
"ეს შეფასდა მოკავშირეების მხრიდან წარმატებულ რეფორმად. ასევე საუბარი შეეხო საარჩევნო გარემოს. ბუნებრივია ეს პროცესი მხარდაჭერილი იყო. ასევე ყველა რეფორმა, რომელიც ქვეყნის შემდგომ განვითარებას ხელს უწყობს მხარდაჭერილია ნატოს მხრიდან", - აღნიშნა უმრავლესობის წევრმა.
შეგახსენებთ, რომ ნატოს სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასია და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი საქართველოს გუშინ გვიან ღამით ეწვია. აპატურაიმ შეხვედრები გამართა როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებთან.