"რესპუბლიკური პარტიის" ლიდერ დავით უსუფაშვილის განცხადებით, ხელისუფლებას აქვს გაურკვეველი პოზა, რომელიც ნატოს სტანდარტებს არანაირად არ შეესაბამება. ამის შესახებ უსუფაშვილმა სამხრეთ კავკასიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის, ჯეიმს აპატურაისა და ე.წ. რვიანის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
"შეხვედრაზე ძირითადი თემა იყო საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებები. აპატურაი დეტალურად იყო ჩახედული ყველა იმ თემაზე, რომელიც მოლაპარაკებების მაგიდაზე იყო განხილული, რადგანაც ნატოს წარმომადგენლები ხშირად ესწრებოდნენ ამ შეხვედრებს. მან განაცხადა, რომ ნატოსა და საქართველოს ურთიერთობა დიდწილად არის დამოკიდებული ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებაზე. ყურადღება გაამახვილა მომავალი არჩევნების სამართლიანობაზე და ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის რამდენად მოხერხდება შეთანხმება. ჩვენ ვუთხარით, რომ ამ პროცესში არ დაგვიშურებია ძალი და ღონე. როგორც მოლაპარაკაბების სწორად წარმართვის, ისევე ხელისუფლებისთვის კონკრეტული იდეების მიწოდებისთვის. ხელისუფლებას უკავია გაურკვეველი პოზა: ვერ წარმოუდგენია თავისი კეთილდღეობა თუ პარლამენტში არ ეყოლება 3/4 უმრავლესობა, რაც ნატოს სტანდარტებს არანაირად არ შეებამება", - განაცხადა უსუფაშილმა.