ნატო საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში ჩარევას არ აპირებს.
როგორც თბილისში ვიზიტით მყოფმა სამხრეთ კავკასიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ნატო ვერც საქართველოს და ვერც რუსეთს ვერ ურჩევს რა სახის ურთიერთობა უნდა ჰქონდეს მეზობლებთან.
"რუსეთთან ურთიერთობა საქართველოს გადასაწყვეტია. ჩვენ ამ ქვეყნებს შორის კარგი ურთიერთობის მომხრე ვართ, თუმცა ვერც საქართველოს ვურჩევთ რა ტიპის ურთიერთობა დაამყაროს მის მეზობლებთან და ვერც რუსეთს ვეტყვით როგორ მოიქცეს. ჩვენი პოზიცია ასეთია, რომ კეთილმეზობლური ურთიერთობები ჯობია", - აღნიშნა აპატურაიმ.
აღნიშნულ საკითხზე კომენტარი საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა გრიგოლ ვაშაძემაც გააკეთა და განმარტა, რომ არც ერთ მესამე ქვეყანას არ აქვს უფლება ნატოში რომელიმე სახელმწიფოს გაწევრიანებას ვეტო დაადოს.