რუსეთის მხრიდან საქართველოში 2008 წელს გამეორების დაბალი ალბათობა არსებობს, თუმცა პუტინის ჭკუაში ბოლომდე ვერავინ ვერ ჩაიხედავს. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გოკა გაბაშვილმა განუცხადა.
"რუსეთის გეგმები საქართველოს მიმართ სიკეთით და კოპერატიულობით გამსჭვალული რომ არ არის ყველამ კარგად ვიცით. რუსეთი ყოველთვის შეეცდება ყველაფერი გააკეთოს საქართველოს წინააღმდეგ დაწყებული ღია ტერორით და ტერორისტული აქტებით, რასაც ისინი ოკუპირებული ტერიტორიებიდან აგენტურის საშუალებით ახორცილებენ და გეგმავენ და ბოლო დროს ეს არაერთხელ ვნახეთ. თუმცა საქართველოში მათი დასაყრდენი ძალები არაპოპულარულია ქვეყანაში და ქართველებს არ მოსწონთ როცა შენ მტერთან ერთად "პაკლონაია გარაზე" იყინები ან იბარებ იმ ჯარის პარადს, რომელიც შენს ქვეყანას ბომბავდა. ეს ქართველებს ძალიან არ მოსწონთ", - აღნიშნა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში გაბაშვილმა.
მისივე თქმით, თუ კრემლთან დაახლოებულ ქართულ პოლიტიკურ ძალებს ჰგონიათ, რომ ქართველებს თავმოყვარეობა არ აქვთ, ძალიან ცდებიან.
"თუ ლაპარაკია ე.წ. შულავერის კომიტეტის სცენარზე, სადაც პატარა ჯგუფი, როგორც თავის დროზე სერგო ორჯონიკიძე და სხვებმა გააკეთეს, რაღაც არასტაბილურობას მოაწყობენ და ამას შემდეგ რუსეთის მხრიდან მოჰყვება ღია სამხედრო ინტერვენცია, ეს მათი გადასაწყვეტია. და თუ ეს გადაწყვეტილი აქვთ, ნებისმიერ საბაბს გამოიყენებენ", - აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა.
ამასთან, გაბაშვილს მიაჩნია, რომ იმ საერთაშორისო გარემოს გათვალისწინებით, რომელიც ამჟამად არის, რუსეთის მიერ საქართველოში ღია, სამხედრო ინტერვენციის განხორციელების ძალიან დაბალი შესაძლებლობა არსებობს.
"თუმცა პუტინის ჭკუაში ბოლომდე ვერავინ ვერ ჩაიხედავს", - განაცხადა გაბაშვილმა.