საპარლამენტო უმრავლესობის შეფასებით, სოციალური გამოკითხვის შედეგები უმუშევრობასთან დაკავშირებით რეალისტურია. ამის შესახებ ჟურნალისტებს უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გოკა გაბაშვილმა NDI-iს მიერ გამოქვეყნებული კვლევების შეფასებისას განუცხადა.
"სოციოლოგიური კვლევის მაჩვენებლები არის აბსოლუტურად რეალისტური იმ მხრივ, რომ გამოკითხულთა უმეტესობა დიდი ქალაქების მოსახლეობაა, სადაც პრობლემები მეტია. ქალაქებში მოსახლეობის 30% ეძებს სამუშაოს და ეს რეალური რიცხვია დიდი ქალაქებში", - აღნიშნა გაბაშვილმა.
მისი თქმით, სოციალური პრობლემები და დასაქმების პრობლემა პირველ ადგილზე დგას, შესაბამისად, კვლევა უჩვენებს, რომ ხელისუფლებას პრიორიტეტები სწორად აქვს განსაზღვრული.
"ჩვენი პირველი პრიორიტეტი სამუშაო ადგილების შექმნა და სოციალური პრობლემების მოგვარებისთვის მუშაობაა. ეს არის პირველი, რაც ადამიანებს აწუხებთ და ყველაზე მაღალი მაჩვენებელიც ამას აქვს. ჩვენ გვჭირდება სტაბილური კარგად ანაზღაურებადი სამუშაო ადგილები, ამიტომაც ვავითარებთ ინფრასტრუქტურას და აქცენტს ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის განვითარებაზე ვაკეთებთ, რათა სამუშაო ადგილები გაიზარდოს", - აღნიშნა გაბაშვილმა.
უმრავლესობის წევრი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანი მაჩვენებელია, როდესაც 60%-მდე გამოკითხული მთლიანად ან ნაწილობრივ იზიარებს იმ ღონისძიებებს, რასაც ხელისუფლება ატარებდა ვითარების გაუმჯობესებისთვის.
"ეს კი ნიშნავს, რომ სწორ გზაზე ვდგავართ. იმას, რომ სახელმწიფო არასწორი მიმართულებით ვითარდება, მხოლოდ 20% ფიქრობს და ბევრად მეტნი არიან, ვინც ფიქრობს, რომ ქვეყანა წინ წავიდა", - დასძინა გაბაშვილმა და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებას ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით მოსახლეობის სრული მხარდაჭერა აქვს.