"თავისუფალი დემოკრატების" წევრის, ოპოზიციონერი დეპუტატის გია ცაგარეიშვილის შეფასებით, NDI-ის კვლევის შედეგები კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რატომ არის სასწრაფოდ ხელისუფლება შესაცვლელი.
როგორც ცაგარეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, კვლევის შედეგები "ნაციონალური მოძრაობის" წინასაარჩევნო დაპირებების ჩამონათვალის სრულ სპექტრს ეხმიანება.
"ახლა მაინც უნდე მიხვდეს მმართველი გუნდი, რომ შვიდი წლის თავზე მას ჰყავს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა, რომელიც მიიჩნევს, რომ ქვეყანაში დემოკრატია არ არსებობს, შრომისუნარიანი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი უმუშევარია, ქვეყანაში კატასტროფულად იზრდება ფასები და ა.შ.", - აღნიშნა ცაგარეიშვილმა.
დეპუტატის თქმით, ამერიკულ არასამთავრობო ორგანიზაციას კვლევაში გასაგები მიზეზების გამო არ ჰქონდა გამოტანილი კითხვა "რის ღირსია მიხეილ სააკაშვილი და მისი პარტია".
"თუ ამ ქვეყანაში როდისმე ჩატარდება დემოკრატიული არჩევნები, მგონი ხალხის მიერ გამოტანილი ვერდიქტი "ნაციონალური მოძრაობისადმი", ყველასთვის ნათელი იქნება", - მიაჩნია ცაგარეიშვილს.
შეგახსენებთ, რომ NDI-ის კვლევის მიხედვით, კითხვაზე, არის თუ არა საქართველოში დემოკრატია, გამოკითხულთა 44%-მა უპასუხა "არა", ხოლო 39%-მა - "დიახ". 2010 წლის ივლისში ჩატარებული კვლევის დროს იმავე კითხვაზე უარყოფითი პასუხი 46%, ხოლო დადებითი პასუხი - 33% გასცა.