აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტისა და ტურიზმის სააგენტოს თანამშრომლები სამსახურიდან დაითხოვეს. თანამდებობიდან გადააყენეს დეპარტამენტისა და სააგენტოს ხელმძღვანელებიც.
55 ადამიანი აჭარის მთავრობამ სამსახურიდან არაკოორდინირებული და არაგუნდური მუშაობის გამო გაათავისუფლა.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის უფროსის, ომარ მეგრელიძის განმარტებით, ზაფხულის სეზონის წინ თანამშრომელთა გადახალისება აუცილებელი იყო.
აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტისა და ტურიზმის სააგენტოს ხელახლა დაკომპლექტებამდე, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოვალეობას თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე ვაჟა დიასამიძე შეასრულებს.
დიასამიძე ამბობს, რომ დეპარტამენტის მუშაობაში იყო შეცდომები და არაკოორდინირებული მუშაობის შემთხვევები. დეპარტამენტისა და სააგენტოს ვაკანტურ თანამდებობებზე თანამშრომლები კონკურსის წესით შეირჩევიან.