კონფლიქტოლოგ გოგი ხუციშვილის აზრით, სეპარატისტული აფხაზეთის ლიდერ სერგეი ბაღაფშს თურქეთში როგორც "ქვეყნის პრეზიდენტს" არ მიიღებენ.
როგორც ხუციშვილმა "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა, სავარაუდოდ, თურქეთში დაგეგმილი ვიზიტის ფარგლებში ბაღაფში მხოლოდ ქვეყნის კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდება.
"თურქეთის კერძო სექტორსა და აფხაზეთს შორის ეკონომიკური კავშირები და ვაჭრობა დიდი ხანია არსებობს, თუმცა ამაზე ოფიციალური ანკარა მუდმივად ამბობს, რომ ეს ქვეყნის ოფიციალურ ხელისუფლებასთან ურთიერთობას არ ნიშნავს და ამ მხრივ აფხაზეთთან არანაირი კონტაქტი არ აქვს. ამ შემთხვევაშიც, მგონია რომ ბაღაფშის თურქეთში ვიზიტი მხოლოდ კერძო დონეზე შედგება და მას იქ არ მიიღებენ, როგორც " ქვეყნის პრეზიდენტს", - განმარტა ხუციშვილმა.
აღნიშნულის კონტექსტში, კონფლიქტოლოგი სეპარატისტული აფხაზეთის ლიდერის თურქეთში დაგეგმილ ვიზიტში საქართველოს ოკუპირებული რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის მოსალოდნელი აღიარების ნიშნებს ამ ეტაპზე ვერ ხედავს, თუმცა სამომავლოდ არ გამორიცხავს, რომ თურქეთსა და აფხაზეთის კერძო სექტორს შორის არსებულმა ეკონომიკურმა ურთიერთობებმა პოლიტიკურ პროცესებს გზა გაუხსნას.
"როგორც წესი, ეკონომიკური ურთიერთობები უხსნის გზას პოლიტიკურ პროცესებს. ასე რომ, არ გამოვრიცხავს მომავალში თურქეთსა და აფხაზეთს შორის ამ რეგიონის აღიარების პოლიტიკური პროცესი დაიწყოს, მაგრამ ახლა ამის არანაირი კონკრეტული ნიშნები არ არსებობს", - განმარტა კონფლიქტოლოგმა.