"ამომრჩეველთა რაოდენობის მიხედვით, თბილისში საქართველოს მოსახლეობის 27% იყრის თავს. ხელისუფლება კი გვთავაზობს, რომ 100-იდან 27%-ის საარჩევნო გარემო გავწმინდოთ, ხოლო 73% დაბინძურებულად დავტოვოთ", - აღნიშნა მამუკა კაციტაძემ "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას და დასძინა: "ეს იგივეა, რომ ავკრძალოთ კონტრაბანდა საქართველოს ყველა საბაჟო გამშვებ პუნქტზე, ოღონდ დავტოვოთ ორი პუნქტი, სადაც არ აიკრძალება კონტრაბანდა. ბუნებრივია, თუ კრძალავ, სრულად უნდა აკრძალო ან საერთოდ არ უნდა აკრძალო".
კაციტაძის თქმით, ხელისუფლებას სერიოზული ხვრელების დატოვება სურს, რათა ამომრჩეველთა სია დააბინძუროს, რაც შემდგომ არჩევნების ერთიან შედეგებზე ჯამურ გავლენას მოახდენს.
"მხოლოდ თბილისის საარჩევნო სისტემის გაწმენდა კიდევ უფრო ართულებს სიტუაციას, რადგან იქნება ორი სია: ბიომეტრიული და არაბიომეტრიული. მაგალითად, საჩხერიდან ჩამოვა ადამიანი, დარეგისტრირდება თბილისში, ცალკე სიით მისცემს ხმას და, ამავდროულად, საჩხერის სიაშიც დარჩება", _ აცხადებს კაციტაძე.
მისი თქმით, ამ საკითხთან მიმართებით ოპოზიციური რვიანი ხელისუფლებასთან კომპრომისზე არ წავა.
"ხელისუფლებამ საბაბად აქცია, თითქოს ოპოზიციური რვიანი წინააღმდეგი იყო, რომ რაიონები და რეგიონები პარლამენტში სოლიდურად ყოფილიყო წარმოდგენილი. ამ დროს, პირიქით, ჩვენი წინადადება სწორედ მათ სოლიდურ წარმომადგენლობას უზრუნველყოფდა", _ აცხადებს კაციტაძე.
რაც შეეხება ფინანსებსა და დროის უკმარისობას, კაციტაძე ამ პრობლემას ხელოვნურს უწოდებს.
"ერთი კვირის წინ ინდოეთში ბიომეტრიული მონაცემებით ამომრჩეველთა აღრიცხვის პროცესი დასრულდა. 11 თვეში იქ ბიომეტრიული მონაცემებით მილიარდ ორასი მილიონი ადამიანი აღირიცხა. ამ დროს კი საქართველოში სულ რაღაც სამი მილიონი ვართ",_ აღნიშნა კაციტაძემ.