უზენაესი სასამართლო კვერცხების სროლას ნამდვილად იმსახურებდა, - ამის შესახებ დღეს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციონერმა დეპუტატმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ გუშინ, უზენაეს სასამართლოსთან მომხდარი ინციდენტის შეფასებისას განაცხადა.
"მართალია კვერცხების სროლა არ არის საუკეთესო მაგალითი პროტესტის გამოსახატად, თუმცა ის მართლმსაჯულება და მართლმსაჯულების სასახლე, ამას ნამდვილად იმსახურებდა", - აღნიშნა ლორთქიფანიძემ.
მისივე თქმით, ბოლო დროს დროებითი მოთავსების იზოლატორები ივსება იმ ადამიანებით, რომლებიც ადამიანის უფლებების დარღვევაზე თავის პროტესტს გამოთქვამენ.
"საზოგადოებრივმა აქციებმა მწვავე ხასიათი მიიღო, თუმცა არ დააყოვნა პოლიციამაც და გუშინდელ აქციაზე რამდენიმე ადამიანი დააკვეს, მათ შორის აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ადა მარშანია, რომელსაც სამი საათის განმავლობაში ვეძებდით და ბოლოს გამჭირვალე შენობაში აღმოვაჩინეთ", - აღნიშნა ლორთქიფანიძემ.
მისივე თქმით, მარშანია კინო სახლთან დააკავეს, თუმცა სასამართლოს პროცესზე პოლიციელი, რომელიც განტევების ვაცი იყო და არ იყო კარგად ინსტრუქტირებული, ამტკიცებდა, რომ იგი უზენაესი სასამართლოს შესასვლელის წინ დააკავა.