თურქეთი სომხეთის მოძველებულ ატომურ ელექტროსადგურს რადიაციის საფრთხის თვალსაზრისით, სახიფათოდ მიიჩნევს. ამის შესახებ თურქეთის გარემოს დაცვისა და ტყეების მინისტრი ვეისელ ეროგლუ აცხადებს.
მეწამორის ატომური ელექტროსადგური, რომელმაც მუშაობა 1976 წელს დაიწყო, ერევნის დასავლეთით 30 კილომეტრის მანძილზე სეისმურად აქტიურ ზონაში მდებარეობს. 1988 წელს სპიტაკში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ სომხეთის ხელისუფლებამ მეწამორის ელექტროსადგურის დახურვა გადაწყვიტა. თუმცა ეკონომიკურმა სირთულეებმა ქვეყნის ხელისუფლება აიძულა, 1993 წელს ელექტროსადგური კვლავაც აემოქმედებინა.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, სეისმოაქტიურ ზონაში თურქეთის ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა რამდენად უსაფრთხო იქნება, მინისტრმა ეროგლუმ განაცხადა, თუკი ქვეყანაში ატომური ელექტროსადგური არ აშენდება, ქვეყანა მაინც რადიაციული დაბინძურებისგან დაზღვეული არაა.
"თურქეთის საზღვრიდან 26 კილომეტრში, სომხეთში დაძველებული ატომური ელექტროსადგური მდებარეობს. ასე რომ, ატმოსფეროს დაბინძურების რისკი მაინც არსებობს. თურქეთის ატომური ელექტროსადგურის მშენებლობისას კი გავითვალისწინებთ შესაფერის ადგილმდებარეობას, მოწინავე ტექნოლოგიებს, მიწისძვრის რისკს, ცუნამსა და სხვა სტიქიურ უბედურებებს",_აღნიშნა ეროგლუმ.
ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევთან შეხვედრისას თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეპ ტაიპ ერდოგანმა აღნიშნა, რომ თურქეთი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაზე შესაძლო მიწისძვრების მიუხედავად, უარის თქმას არ აპირებს.
"მიწისძვრა ყველგან შეიძლება მოხდეს. ჩვენი ქვეყანა კი სეისმურად აქტიურ ზონაში მდებარეობს. ამიტომ ობიექტებს მყარად ვაშენებთ. ატომური ელექტროსადგურის მშენებლობისას ამ ობიექტმა 8 და 9 ბალიან მიწისძვრას უნდა გაუძლოს",_აღნიშნა ერდოგანმა.