დღეს, 17 მარტს, 14:00 საათზე, „ქართული სპორტის ქომაგების" წარმომადგენლების 2 ჯგუფი (დასავლეთის და აღმოსავლეთის ჯგუფი), კომპანია „ნატახტრის" ხელშეწყობით, ვარდების რევოლუციის მოედნიდან დაიძვრება რეგიონებში, რათა ადგილებზე შეხვდეს აქტიურ გულშემატკივრებს 26 მარტის საქართველო-ხორვატიის ეროვნული ნაკრებების საფეხბურთო მატჩზე მობილიზების მიზნით.
„მოგეხსენებათ, რომ საქართველო-ხორვატიის საფეხბურთო მატჩის წინ ძალიან დიდი აჟიოტაჟი და მოლოდინია ქართველ გულშემატკივრებში, როგორც თბილისში, ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში. გამომდინარე იქედან, რომ ძალიან ბევრ ადამიანს სურს ამ მატჩზე დასწრება ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან, "ქართული სპორტის ქომაგებმა", კომპანია"ნატახტარის" ხელშეწყობით, გადავწყიტეთ გავიდეთ რეგიონებში, შევხვდეთ ადგილობრივ გულშემატკივრებს, გავაცნოთ ჩვენი გეგმები და ხელი შევუწყოთ მათ, 26 მარტს 26-ე სექტორიდან ჩვენთან ერთად ეროვნული ნაკრების ქომაგობაში. ჩვენ ვაპირებთ რეგიონებიდან მომავალი გულშემატკივრებისთვის წინასწარ დავჯავშნოთ ჩვენი (26-ე) სექტორის ბილეთები (რომელიც 10 ლარი ღირს) და მათ მცირე კომფორტი მაინც შევუქმნათ იმ მხრივ, რომ ბილეთებზე საზრუნავი მოვუხსნათ. ასევე ვაპირებთ, შევხვდეთ ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს და მივმართოთ თხოვნით, გამოყონ ამ ხალხისთვის თამაშის დღეს უფასო ავტობუსები, რომლებიც მოემსახურებიან მათ ტრანსპორტირებას. ხოლო აქ ჩამოსულთ კი საჩუქრად დავურიგებთ „ქომაგის" თეთრ მაისურს" - განაცხადა „ქართული სპორტის ქომაგების" გამგეობის წერმა, ამირან ურუშაძემ.
დასავლეთის ჯგუფის მარშრუტი ასეთი იქნება: 17 მარტი, ხუთშაბათი: თბილისი-გორი-ბათუმი; 18 მარტი, პარასკევი: ბათუმი-ლანჩხუთი-ფოთი-ზუგდიდი; 19 მარტი, შაბათი: ზუგდიდი-სენაკი-სამტრედია; 20 მარტი, კვირა: ქუთაისი-ზესტაფონი. აღმოსავლეთის ჯგუფის მარშრუტი შემდეგია: 17 მარტი, ხუთშაბათი: თბილისი-ბოლნისი-მარნეული; 18 მარტი, პარასკევი: ახმეტა-ყვარელი-თელავი.