იაპონიის ატომურ ელექტროსადგურ "ფუკუსიმაზე" (ფუკუსიმა ქართულად "ბედნიერების კუნძულს" ნიშნავს) რადიაციის გაჟონვასთან დაკავშირებით ერთმანეთისგან განსხვავებული ინფორმაციები ვრცელდება.
ადგილობრივი მოსახლეობის გულისწყრომას იწვევს არასაკმარისი ინფორმაცია კატასტროფის შესაძლო მასშტაბებთან დაკავშირებით. ხალხი აცხადებს, რომ მზად არის, რაც შეიძლება სწრაფად დატოვოს ქვეყანა და წავიდეს ნებისმიერი მიმართულებით.
"თავადაც ვხვდებით, რამდენად საშიშია ყველაფერი ის, რაც ჩვენ ირგვლივ ხდება, თუმცა მუდმივად გვარწმუნებენ, რომ ყველაფერი რიგზეა", - განუცხადა ერთ-ერთ ბრიტანულ გამოცემას 70 წლის იაპონელმა ქალმა, რომლის ვარაუდითაც, ხალხი შეშფოთებულია, მაგრამ მათ არ ეუბნებიან, სინამდვილეში რა ხდება და როგორია საფრთხე.
ტოკიოს მოსახლეობა კი აცხადებს, რომ სამხრეთ აღმოსავლეთის ქარის დროს ისინი ზღვის სუნს გრძნობენ. "თუ ჩვენ ვგრძნობთ ზღვის სუნს, როგორ ფიქრობთ ვერ ვიგძნობთ მოწამლულ ჰაერს?!" - აცხადებენ ისინი.
ვითარებას ართულებს ის მდგომარეობაც, რომ ქვეყანაში არასაკმარისი რაოდენობითაა ბენზინი და ავტოგასამართი სადგურების უმეტესობა არ მუშაობს. ამავდროულად, ადგილობრივი ხელისუფლება მოუწოდებს მოსახლეობას, საცხოვრებელი ადგილები საკუთარი სატრანსპორტო საშუალებებით არ დატოვონ.
გადატანილ სტრეტსსა და შიშს უიმედობაც ემატება, არასაკმარისი რაოდენობითაა წყალი. უსახლკაროდ დარჩენილ მოსახლეობას არ აქვს თბილი საბნები, არის საკვები პროდუქტების დეფიციტიც.
იაპონიის მთავრობამ კატასტროფის ზონაში 1,3 მილიონი საკვები ულუფა გაგზავნა, მაგრამ რადგან გზების უმეტესობა დანგრეულია, მისი ადგილებზე მიტანა ძნელდება, ხოლო ამ დანიშნულებისთვის გამოყოფილი ვერტმფრენები არასაკმარისია.
ამ ყველაფრის პარალელურად, იაპონიის მთავრობა აცხადებს, რომ რადიაციული გამოსხივება ნეგატიურ გავლენას არ იქონიებს ადამიანის ჯანმრთელობაზე, თუმცა ჰიროსიმასა და ნაგასაკის ტრაგედიაგადატანილი იაპონელებისთვის ეს განმარტება დამაჯერებელი არ არის.
რადიაციული საფრთხის გამო ქვეყანაში თავიანთი ფილიალების დახურვა დაიწყეს უმსხვილესმა ევროპულმა კომპანიებმა. ერთ-ერთმა პირველმა თავისი თანამშრომლების ევაკუაცია "პეჟომ" და "დაიმლერმა" განახორციელეს. "BMW", "ვოლვო" და სხვა კომპანიებს კი თანამშრომლები ან სამხრეთ იაპონიაში გადაჰყავთ, ან ჰონკონგში, სინგაპურსა და ევროპაში.
საფრანგეთმა და ავსტრალიამ თავიანთ მოქალაქეებს, რომლებიც ტოკიოში იმყოფებიან, ქვეყნის დატოვება ურჩიეს. აღნიშნულისთვის ავიაკომპანია "აირფრანსე" დამატებით რეისებს შეასრულებს.
კერძო კომპანიები, სხვადასხვა ავიაკომპანიასთან აწარმოებენ მოლაპარაკებებს, მათთვის თვითმფრინავებისთვის მიქირავებისთვის, რათა თავიანთი პერსონალი ტოკიოდან ჰონგ-კონგში გადაიყვანონ. მაგალითისთვის, ერთ-ერთმა ჩინურმა კომპანიამ ტოკიოდან ჰონკონგში თავისი 14 თანამშრომლის გადმოსაყვანად 160 ათასი დოლარი გადაიხადა, ხოლო ტოკიოდან ავსტრალიაში ჩარტერული რეისის ერთი მიმართულება 265 ათასი დოლარი ღირს.
ქვეყნის დედაქალაქი ტოკიო, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე "ცოცხალ" ქალაქად მიიჩნეოდა, ამჟამად მკვდარი ქალაქის შთაბეჭდილებას ტოვებს. დაკეტილია სკოლები, არ მუშაობს თითქმის არც ერთი დაწესებულება - კაფეები, რესტორნები, მაღაზიები არ ფუნქციონირებს, ისევე როგორც გასართობი ცენტრები. მოსახლეობას შიში აქვს ნიავისაც კი, რომელი მხრიდანაც არ უნდა დაუბეროს მან, რაც პირდაპირ უკავშირდება რადიაციის გავრცელების საფრთხეს.
შეგახსენებთ, რომ 11 მარტს, იაპონიაში 9,0 ბალის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რომელმაც ათასობით ადამიანი იმსხვერპლა.