საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის პეტრე ცისკარიშვილის შეფასებით, პენსიის გაზრდაზე "ოპოზიციის ქილიკი პოპულიზმს სცილდება და აბსურდის თეატრში გადადის".
ამის შესახებ დღეს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებების საპასუხოდ განაცხადა.
"ოპოზიცია, არ ვიცი ეს იყო პოპულიზმით გამოწვეული თუ არა, მაგრამ მსოფლიოში ფასებისა და ინფლაციის ზრდის გამო საუბრობდა, რომ პენსიების გაზრდა აუცილებელი იყო. ახლა კი, როცა გამოინახა ამის სახსრები, გამოდის და ქილიკობს. ამას აღარც პოპულიზმი ჰქვია. ეს არის გაუგებარი, აბსურდის თეატრი. კარგად გაკეთებულ საქმეებს არქმევენ ცუდ სახელს", - აღნიშნა ცისკარიშვილმა.
"ეს არის კომპლექსური რეფორმა, რაზეც მთავრობა ფიქრობს. პენსია, რომ იზრდება, კარგია და იმედი გვაქს, რომ არ გამოიწვევს ქვეყანაში ინფლაციის გენერირებას, რაც სამწუხაროდ თან სდევს ხოლმე მსგავს პროცესს", - დასძინა პეტრე ცისკარიშვილმა.