"ქრისტიან-დემოკრატების" შეფასებით, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების საკითხზე საქართველოს უნდა ჰქონდეს არც ზედმეტად ხისტი და არც ზედმეტად დამთმობი პოზიცია.
ამის შესახებ დღეს, პლენარულ სხდომაზე "ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერმა გიორგი თარგამაძემ განაცხადა.
"დღეს იწყება მოლაპარაკებები რუსეთის ფედერაციასთან უშუალო კომუნიკაციის ფორმატში. მართალია ჟენევის მოლაპარაკების ფორმატი მიმდინარეობს, მაგრამ ის არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის მედიაციით მიმდინარეობს, ამიტომ დღევანდელი დღე ამ ფორმატით მართლაც მნიშვნელოვანია", - აღნიშნა თარგამაძემ.
მისივე შეფასებით, ქართული დელეგაციისთვის რთული იქნება იმ ფსიქოლოგიური ბარიერის გადალახვა, რომელიც დაპყრობილი და ოკუპირებული ქვეყნის დელეგაციის აუცილებლად ექნება რუსეთის წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს.
ამასთან, თარგამაძის თქმით, რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკებზე ერთის მხრივ საქართველოს ეროვნული ინტერესების გათვალისწინება მოხდეს, კერძოდ კი საბაჟო საზღვრების ზუსტი დადგენა და მათი კონტროლი საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებით, მათ შორის მოლდოვას პრეცედენტის გათვალისწინებით.
"ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენის მიერ მოთხოვნა ფსოუზე იქნება თუ როკის გვირაბზე ქართველი მესაზღვრეების ჩაყენების შესახებ შეიძლება არარეალურად გამოიყურებოდეს და ამიტომ მზად უნდა ვიყოთ კომპრომისული ნაბიჯების გადასადგმელად, რომელი არ უნდა მოდიოდეს წინააღმდეგობაში ჩვენს ეროვნულ ინტერებთან", - აღნიშნა დეპუტატმა.
მისივე თქმით, დაუშვებელია ქართულმა მხარემ ვმო-ში რუსეთის გაწევრიანების სანაცვლოდ ქართული პროდუქციისთვის ბაზრის გახსნის მოთხოვნა დააყენოს, რადგანაც აღნიშნულს ორგანიზაციის წესდება ისედაც ითვალისწინებს.
"რუსეთის ვმო-ში გაწევრიანების შემდეგ მივიღებთ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გახსნა და ქართული პროდუქტის დაბრუნებას, ამიტომ ეს არ შეიძლება იყოს დათმობის და ვაჭრობის საგანი", - აღნიშნა თარგამაძემ.