"დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის" პრეზიდენტის, სოსო ცისკარიშვილის შეფასებით, ციფრებმა, რომლებიც ბიომეტრიული პასპორტებით არჩევნების ჩატარების ხარჯთაღრიცხვასთან დაკავშირებით "ნაციონალურმა მოძრაობამ" დაასახელა, ხელისუფლების სათქმელი თქვეს.
"ციფრებმა, რომლებიც არ ექვემდებარებიან პოლიტიკურ დემაგოგიას, საკუთარი სათქმელი თქვეს. ახლა უკვე მოსახლეობისთვის ნათელი გახდება, ვინ რას და როგორ აპირებს. ასეთი პრიმიტიული მცდელობა თანხმების გაბერვის, მაფიქრებინებს, რომ ნებისმიერი თანხა, რომელიც დახარჯულა, ციდან მოტანილია", - განუცხადა ცისკარიშვილმა "ჯი-ეიჩ-ენს" ხელისუფლების მიერ წარმოდგენილ ხარჯთაღრიცხვასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, საქართველოში ბიომეტრიული პასპორტებით არჩევნების ჩატარება 200 მილიონზე მეტი ჯდება.
ცისკარიშვილის აზრით, სინამდვილეში, ბიომეტრიული პასპორტების დამზადება და ხმის მიცემის სწორედ მისი მეშვეობით ჩატარება 4-ჯერ ნაკლებ თანხას საჭიროებს.
"ვისესხებ 100 ლარს, დავრეგისტრირდები შპს-დ და ნახევარ ფასში ვთავაზობ ხელისუფლებას ამ პასპორტების დამზადებას", - განმარტა ცისკარიშვილმა, რომლის თქმითაც, საერთაშორისო ორგანიზაციებიც არ მალავენ საკუთარ მზადყოფნას ფინანსური წვლილი შეიტანონ საქართველოში დემოკარტიული არჩევნების ჩატარების პროცესში.
აღნიშნულის კონტექსტში, პოლიტოლოგი "დაკარგულს" უწოდებს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების თაობაზე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 6 თვის განმავლობაში მიმდინარე მოლაპარაკებებს და აღნიშნავს, რომ ხელისუფლებას, რომელსაც შეუძლია რეკორდულ დროში შექმნას კონსტიტუცია, ერთ დღეში შეეძლო პოლიტიკური უმცირესობისთვის სათქმელი: "უკაცრავად ვაჟკაცებო, არაფერი გამოგივათ", პირდაპირ ეთქვა.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიციურმა ე.წ. რვიანმა ელექტრონული პირადობის მოწმობის თვითღირებულების გაანგარიშების შესახებ ხელისუფლების ანალიზის პრეზენტაცია გამართეს. ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, ბიომეტრიული პასპორტებით არჩევნების ჩატარება 200 მილიონიან ხარჯთან არის დაკავშირებული, რაც ოპოზიციის შეფასებით, "გაბერილია".
მასალის გამოყენების პირობები