ქალაქ გურჯაანში, 9 აპრილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, მიწის მოხვნის დროს ქვაყუთის ტიპის სამარხი აღმოჩნდა. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ისტორიკოსმა და ძეგლთა დაცვის სპეციალისტმა თამაზ მარკოზაშვილმა განუცხადა, სამარხი ადრეფეოდალური ხანისაა და მე-7 მე-8 საუკუნეებს განეკუთვნება.
„სამარხი აღმოჩნდა მიწის ზედაპირიდან დაახლოებით ნახევარი მეტრის სიღრმეზე. სამარხში სულ სამი ადამიანის ჩონჩხი იყო. ერთი იწვა ქრისტიანული წესით, გულაღმა, გაშოტილ მდგომარეობაში, თავით დასავლეთისკენ, ხოლო დანარჩენი ორი მიცვალებულის ძვლები მიხვეტილი იყო განივ კედელთან. სამარხში აღმოჩნდა რკინისა და ბრინჯაოს დაჟანგული სამაჯურები, აგრეთვე რკინის მშვილდსაკინძის და ბეჭდის ფრაგმენტები", - აღნიშნა თამაზ მარკოზაშვილმა.
მისივე თქმით, ტერიტორია, სადაც სამარხი აღმოჩნდა, ადგილობრივი მაცხოვრებლების მიერ ინტენსიურად იხვნება და მუშავდება, რაც სამარხების დაზიანებას იწვევს.
„აუცილებელია ამ ტერიტორიის მეცნიერული გამოკვლევა და შესწავლა. ამ აღმოჩენით მტკიცდება, რომ გურჯაანი, რომელიც არის ახალგაზრდა ქალაქი, ჯერ კიდევ ადრეფეოდალური ხანიდან, საკმაოდ მჭიდროდ დასახლებული პუნქტი ყოფილა. აღმოჩენილი მასალები შესასწავლად გურჯაანის არქეოლოგიურ - ეთნოგრაფიულ ფონდსაცავს გადაეცემა", - განაცხადა თამაზ მარკოზაშვილმა.