2009 წლის 1 დეკემბერს, ვესპ პოინტის სამხედრო აკადემიაში გამოსვლისას, პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ამერიკელ ხალხს ავღანეთის ახალი სტრატეგია გააცნო. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამერიკა ავღანეთში დამატებით 30 000 სამხედრო მოსამსახურეს გაგზავნის. მან დადებითად შეაფასა მოკავშირეთა წვლილი სამხედრო ოპერაციის წარმატებით დასრულების საქმეში, აგრეთვე ხაზი გაუსვა ავღანეთის შეიარაღებული ძალების წვრთნის აუცილებლობას, "რათა ავღანელმა ხალხმა საკუთარ ქვეყანაზე პასუხისმგებლობა აიღოს" მას შემდეგ, რაც 2001 წლის ივლისში ამერიკის შეერთებული შტატები ქვეყნიდან ჯარის გაყვანას დაიწყებს. "ავღანეთში ჩვენი მეგობრები ჩვენს გვერდით იბრძოდნენ და იხოცებოდნენ. ახლა ჩვენ ისევ უნდა გავერთიანდეთ, რათა ეს ომი წარმატებით დავასრულოთ. დღეს სასწორზე დევს არა მარტო ნატოს შესაძლებლობების გამოცდა, არამედ ჩვენი მოკავშირეების უსაფთხოება და მთელი მსოფლიოს უსაფრთხოება," აღნიშნა ობამამ. პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა აშშ-სა და პაკისტანის პარტნიორობის მნიშვნელობას მთელს მსოფლიოში ალ-ქაიდას ძალადობრივი ექსტრემიზმის აღმოსაფხვრელად. ობამამ განაცხადა, რომ ვერ შეეგუება ტერორისტთა ბუდეების არსებობას, რაც ექსტრემისტებს საშუალებას აძლევს, განახორციელონ დარტყმები ამერიკის შეერთებულ შტატებსა და მის მოკავშირეებზე მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში.