ბირთვული ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (მაგატე) ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს. იუკიო ამანო ვენაში სააგენტოს შტაბინაში დღეს გამოცხადდა, სადაც თავისი უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა.
მედიისათვის მოწყობილ მოკლე ფოტოსესიაზე ამანომ პირობა დადო, რომ იგი "ობიექტური, სანდო და პროფესიონალური" იქნება. მან ასევე განაცხადა, რომ განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს იმას, რომ არ მოხდეს ბირთვული ტექნოლოგიების გამოყენებით ატომური იარაღის შექმნა.
62 წლის იაპონელი ოუკიო ამანომ მაგატეს ხელმძღვანელის პოსტზე ეგვიპტელი დიპლომატი, ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი მოჰამედ ელ-ბარადეი შეცვალა, რომელიც მაგატეს 12 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. 2005 წლიდან ამანო იაპონიას წარმოადგენდა მაგატეს მმართველთა საბჭოში, ხოლო მიმდინარე წლის ივლისში სააგენტოს ხელმძღვანელად აირჩიეს. აქამდე ამანო 1972 წლიდან მოყოლებული დიპლომატიურ საქმიანობას ეწეოდა იაპონიის, ვაშინგტონისა და ბრიუსელის საელჩოებში.
იუკიო ამანომ ტოკიოს უნივერსიტეტში მიიღო განათლება და რამდენიმე წლის განმავლობაში იგი ცნობილი იყო როგორც ექსპერტი ბირთვული განიარაღების საკითხებში. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მაგატეს სათავეში მისი მოსვლის შემდეგ ირანის ბირთვული პროგრამის მიმართ მიდგომა კიდევ უფრო მწვავე გახდება.